ლერი სულაბერიძეზე თავდასხმისთვის დაკავებულ დავით მურვანიძეს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლერი სულაბერიძეზე თავდასხმის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ დავით მურვანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

როგორც დაკავებულის ადვოკატმა სოსო ხარატიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დაცვის მხარემ გირაოს შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ არ დააკამაყოფილა.

„მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დავით მურვანიძე. ჩვენ დავაყენეთ გირაო. მისი დაკამყოფილება არ მოხდა, თუმცა მიმაჩნია, რომ არგუმენტაცია რეალური იყო იმიტომ, რომ საქმის მასალებიდან გამოვდიოდი და ბევრად საფუძვლიანი იყო, ვიდრე დაცვის მხარის, მაგრამ, სამწუხაროდ, გაიზიარა მათი“,- აცხადებს ადვოკატი სოსო ხარატიშვილი.

შეგახსენებთ, ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე – პრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის ავტომანქანას წყნეთის გზაზე 28 ივლისს საღამოს ესროლეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 19 –108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, ასევე 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

ამ დროისთვის ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა-ტარების ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი, ირაკლი ღლონტი, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.