“ლუქზე ხელი მაქვს მოწერილი, მაგრამ მაინც გახსნეს” – ექსპერტიზაზე მისულ ოჯახს ბაჩალიაშვილის მობილური გახსნილი დახვდა

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახსა და ოჯახის ადვოკატს ექსპერტიზაზე მისვლის შემდეგ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი გახსნილი დახვდათ. როგორც მათ განუმარტეს, მობილურის შესწავლა 24 ივლისს დაიწყო და ექსპერტიზა უკვე დასრულებულია, თუმცა ოჯახსა და ადვოკატს ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

მიხეილ რამიშვილის თქმით, მობილური ტელეფონიდან დიდი ინფორმაციაა ამოღებული, თუმცა არ კონკრეტდება, რა ტიპის ინფორმაციაზეა საუბარი.

“მობილური ტელეფონის ექსპერტიზა დაწყებულა 24-ში. დღეს მოვედი და თურმე ექსპერტიზა დასრულებულა. ჩემი გაკვირვება და აღშფოთება გამოიწვია იმან, რომ მთელი ეს პერიოდი გამომძიებელი და მთელი საგამოძიებო, ვეუბნები, შუამდგომლობა დაყენებული მაქვს, ლუქზე ხელი მაქვს მოწერილი და არ უნდა მომხდარიყო გახსნა, მაინც გახსნილა”, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.
23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ძმა, გიორგი ბაჩალიაშვილი საზოგადოებას მიმართავს. მისი თქმით, არც მას და არც მის დას მშობლების ყურადღება და სიყვარული არ აკლდათ.