მაგდა ხოჭოლავა – “ყოველთვის წესიერად მიცხოვრია და ახლაც წესიერად ვცხოვრობ”

მაგდა ხოჭოლავა - "ყოველთვის წესიერად მიცხოვრია და ახლაც წესიერად ვცხოვრობ"თაღლითობაში ბრალდებული ექიმი, რომელიც ახალგაზრდა გოგონას ოპერაციაში მონაწილეობდა, რომლის დროსაც პაციენტი კომაში ჩავარდა, მაგდა ხოჭოლავაა.

უკანონო საექიმო საქმიანობაში ბრალდებული ექიმი საქართველოში აღარ იმყოფება. ანესთეზიოლოგმა ხოჭოლავამ საქართველოს ტერიტორია გარკვეული პერიოდის წინ დატოვა.

უკანონო საქმიანობაში ბრალდებული ექიმი „რუსთავი 2-თან“ პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ინფორმაციას არ ფლობს და ყოველთვის პატიოსნად ცხოვრობდა.

„მე ჯერ არაფერი არ ვიცი, შევიტყობ ჩემი ძმისგან, ყოველთვის წესიერად მიცხოვრია მე და ახლაც წესიერად ვცხოვრობ“, – ამბობს მაგდა ხოჭოლავა.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა გოგო, პაციენტი, რომელსაც „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ იტალიიდან ჩამოსული ექიმების ნაცვლად, ორი ოპერაცია კლინიკის ექიმებმა ჩაუტარეს, კომატოზურ მდგომარეობაში 20 თვის განმავლობაში იმყოფება.

გამოძიების ინფორმაციით, 23 წლის გოგონას ოპერაცია ხოჭოლავასთან ერთად ასევე შესაბამისი სერტიფიკატის არმქონე ქირურგმა ვახტანგ ყიფიანმა ჩაუტარა. ის რომ ქირურგს ორთოპედია-ტრავმატოლოგიაში სერტიფიკატი არ ჰქონდა ამის კონტროლი დირექტორის მოვალეობა იყო, ამიტომ ახლა ბრალდებულის სკამზეა თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ხელმძღვანელიც. გამოძიება გიორგი ლობჟანიძეს გულგრილობას ედავება.

პრაიმ ტაიმი