შავშვებთან მინივენი აუდის შეეჯახა – 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 5 ბავშვია

თბილისი – სენაკი – ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე, სოფელ შავშვებთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათგან 5 მცირეწლოვანი ბავშვია.

ერთმანეთს სამგზავრო მინივენი და „აუდის“ მარკის მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად დაშავებული 8-ვე მგზავრი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს.

„გორმედის“ ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მერაბ მაისურაძის ინფორმაციით, არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„სასწრაფო დახმარების ჯგუფების მიერ შემოყვანილია 8 პაციენტი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც. დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ ეტაპზე პაციენტებს უტარდებათ გამოკვლევები. ყველა კვლევის დასრულების და შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდგომ, სავარაუდოდ, ყველა პაციენტი დატოვებს კლინიკას“, – განაცხადა მერაბ მაისურაძემ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას (რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია) გულისხმობს.

იპნ