თეონა თამაზაშვილი კელი დეგნანს მიმართავს – გამოძიებაში გფბ უნდა ჩაერთოს

თეონა თამაზაშვილი კელი დეგნანს მიმართავს - გამოძიებაში გფბ უნდა ჩაერთოსგარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი აპირებს გამოძიებაში ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს (გფბ) ჩართვა მოითხოვოს. ამის შესახებ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ის აშშ-ის ელჩს პირადად მიმართავს.

“მე, ალბათ, გფბ-ს ჩართულობას მოვითხოვ. უშუალოდ მივმართავ ელჩს. თუ პროკურატურა უარს გვეტყვის, ეს ცხადზე ცხადი იქნება, რომ არ აწყობთ და თვითონ არიან დამნაშავეები”, – განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.