თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის მამა შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანისა და მასზე ძალადობის ბრალდებებს არ ეთანხმება.
გარდაცვლილის მამამ, ფრიდონ აბჟანდაძემ, ზესტაფონის სასამართლოში, პროცესზე მცირე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ შვილთან „იშვიათი“ ურთიერთობა ჰქონდა.
“მე ვყოფილვარ, რაც ვყოფილვარ. რაც წერია, მაგას ჩემისთანა კაცი ვერ გააკეთებს. არ ვიცი, ამდენი ხანი ვყოფილვარ დასაჭერი. რა მაქვს დასამატებელი? – თუ უნდა დახვრეტა მოითხოვოს. როგორც მე და ჩემი შვილი ვიყავით, იშვიათია. უდედოდ გავზარდე, მე იქით მოვკვდები, ეს აქეთ, მაინც შევხვდებით ერთმანეთს ძმაკაცურად. ჩემი ცხოვრება შრომაში ვარ. თურმე რეციდივისტი ვყოფილვარ, ისეთი თქვა პროკურორმა“, – განაცხადა ფრიდონ აბჟანდაძემ პროცესზე, პროკურატურის შუამდგომლობის წარდგენის შემდეგ.
პროკურატურა დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
შეგახსენებთ, თერჯოლაში 11 წლის ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მოზარდის მამა დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში, თავის საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ფ.ა. სისტემატურად ძალადობდა, აყენებდა შეურაცხყოფას და ემუქრებოდა მის არასრულწლოვან შვილს ა.ა.-ს.
“ფ.ა.-ს მხრიდან განხორცილებული ქმედებების შედეგად, ა.ა. იმყოფებოდა მუდმივი სტრესის და შიშის ქვეშ. 2020 წლის 23 აგვისტოს, თავის საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებულ ხეზე, ა.ა. თოკით ჩამომხრჩვალი იპოვეს.
სამართალდამცველებმა ფ.ა. იმავე დღეს დააკავეს. 2020 წლის 25 აგვისტოს მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126′-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 11′.115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობამდე მიყვანა ) წარედგინა“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
იპნ

