“ცეცხლი რომ გაჩნდა, ბავშვებს ეძინათ, შუათანამ მითხრა, ჯერ ჩემი ძმა გადაარჩინეო”

"ცეცხლი რომ გაჩნდა, ბავშვებს ეძინათ, შუათანამ მითხრა, ჯერ ჩემი ძმა გადაარჩინეო"დღეს თბილისში მაშველებმა სამი მცირეწლოვანი ალმოდებული სახლიდან უვნებლად გამოიყვანეს.

„პრაიმტაიმს“ მეხანძრე-მაშველი გაგა გიგაშვილი დეტალურად უყვება, როგორ გადაარჩინა მცირეწლოვნები.

„ღია ცეცხლი იყო, ორი ჯგუფი ვმუშაობდით. სანამ ბიჭები სადარბაზოს მხრიდან აწარმოებდნენ კარის გაღებას, მეექვსე სართულიდან თოკით და ერთი აირწინაღით ჩავედი დაბლა სართულზე.

იქ სამი მცირეწლოვანი დამხვდა. ძლიერი დაკვამლიანება იყო, ამასობაში სახანძრო ავტოკიბე იწყებდა გაშლას. სანამ ყველაზე პატარას აირწინაღს მოვარგებდი, შუათანამ მითხრა, ჯერ ჩემი ძმა გადაარჩინეო. კიბეებზე, რომ ჩამყავდა ველაპარაკებოდი, რომ არ შეშინებოდა.

ბავშვებმა გვითხრეს გვეძინა, როცა ცეცხლი გაჩნდაო. სავარაუდოდ მეზობლებმა დარეკეს 112-ში.

ადგილზე მისვლიდან, ზუსტად 5 წუთში სამივე მცირეწლოვანი ალმოდებული სახლიდან უვნებლად გამოვიყვანეთ“, – გვიყვება მეხანძრე მაშველი გაგა გიგაშვილი.

პრაიმტაიმი