“37 წელში რომ არ მომხდარა, ისეთი რაღაც ხდება… ადვოკატები პროცესებზე არ შევალთ”- ნიკოლოზ მჟავანაძე

"37 წელში რომ არ მომხდარა, ისეთი რაღაც ხდება... ადვოკატები პროცესებზე არ შევალთ"- ნიკოლოზ მჟავანაძე“ახალ თაობასთან” საუბარში ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ საქართველოში ადვოკატის ინსტიტუტზე თავდასხმა ხორციელდება:

_ ახლა რაც ხდება, ეს არის ადვოკატთა ინსტიტუტის აფეთქება. 5 ათასი ადვოკატია საქართველოში და სასწაული რაღაც მოყვება ამ ყველაფერს. გაიგზავნება წერილი საერთაშორისო ინსტიტუტებში, საერთოდ არ გავალთ პროცესებზე, ბოიკოტი იქნება სერიოზული.

– ანუ სერიოზული პროტესტი იგეგმება?

– სხვა გზა გვაქვს? 37 წელში რომ არ მომხდარა, ისეთი რაღაც ხდება. დღეს თუ ეს გავატარეთ, ხვალ მოვლენ და სახლებში დაგვიყენებენ მოსასმენებს. თუ რამე ეჭვები აქვთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადვოკატის უფლებები შელახონ! აქ კიდევ ერთი რამ ხდება…

– რა?

– ძალოვან უწყებებში ძალიან ბევრი ნაცია დარჩენილი. როდესაც ამდენ უკანონობას ჩადიან და მთელ ადვოკატთა ინსტიტუტს ანგრევენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ამის გამკეთებელი სწორედ ამ ხელისუფლებას უთხრის ძირს ამ სულელური გადაწყვეტილებებით.

– საბოტაჟს აწყობს ვიღაც, შიგნით, პროკურატურაში?

– ზუსტად ასეა. ჰყავდეთ ეს კადრები და ძირს რომ გამოუთხრიან, ნახავენ. ჯერ ხომ სარალიძის საქმეზე გამოუთხარეს ძირი და ლამის მთელი ხელისუფლება გადაყვა ამ ამბავს. ახლაც, მთელი ადვოკატთა კორპუსი უნდა გამოვიდეთ, რომ მიხვდნენ, რა უკანონობას აკეთებენ?! შოთაძემ ერთხელ კინაღამ ჩამოშალა ეს ხელისუფლება და ახლა, მეორეჯერაც იგივეს აკეთებს. ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი. ეს მარტო ადვოკატებს არ ეხება, ეს მთელ ქვეყანას ეხება. ხვალ და ზეგ დაუცველი დარჩება მთელი ქვეყანა.

სანამ დროა, დაფიქრდეს ეს ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი, თუ რას უკეთებენ მათ, ეს ვითომ ნდობით აღჭურვილი პირები ამ თავისი გადაწყვეტილებებით! სერიოზული ნაღმი ჩადეს და ამით საკუთარ თავს თვითონვე გაუჩალიჩებენ!

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა