19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულები ციხიდან შეტყობინებებს აგზავნიან და ამბობენ, რომ ბრალის აღიარების მიზნით, სისტემა მათზე ზეწოლას ახორციელებს. გააქტიურდნენ ბრალდებულების ოჯახის წევრებიც. ისინი ამბობენ, რომ აქამდე მხოლოდ იმიტომ დუმდნენ, რომ სამართლიანი გამოძიების იმედი ჰქონდათ.
ერთ-ერთი ბოლო შეტყობინება გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატებმა გაავრცელეს. მათი განცხადებით, 29 აგვისტოს, შაბათს, არასამუშაო დღეს, ისე, რომ მათთვის არავის შეუტყობინებია, არჩილ გაგნიძესთან საქმის პროკურორი შევიდა, რომელიც მისგან ბრალის აღიარებას მოითხოვდა.
აღნიშნულ ფაქტს კატეგორიულად გამორიცხავს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას გენერალური პროკურატურის პრეს-სამსახური. მისი განმარტებით, არჩილ გაგნიძემ თავად მიმართა წერილით ციხის ადმინისტრაციას და მოითხოვა საქმის პროკურორთან შეხვედრა.
წერილის საფუძველზე, 29 აგვისტოს, მასთან პროკურორი დავით ყაზარაშვილი შევიდა, თუმცა, რაკი პროცესს ადვოკატები არ ესწრებოდნენ, არჩილ გაგნიძემ პროკურორთან გასაუბრებაზე უარი თქვა:
„პროკურორსა და ბრალდებულს შორის არანაირი კომუნიკაცია არ შემდგარა. როდესაც ბრალდებულმა კარი შეაღო და ნახა, რომ ოთახში ადვოკატები არ ისხდნენ, პროკურორთან შეხვედრაზე უარი თქვა. რაც შეეხება წერილს, რომელიც მან ციხის ადმინისტრაციას მისწერა, ეს წერილი ჩვენთან არის და საჭიროების შემთხვევაში, გავასაჯაროებთ“.
31 აგვისტოს, დღის ბოლოს, გენერალურმა პროკურატურამ არჩილ გაგნიძის განცხადება გამოაქვეყნა, რომელსაც ის 26 აგვისტოს #8 დაწესებულების დირექტორის სახელზე წერს და პროკურორთან შეხვედრას ითხოვს.
31 აგვისტოს არჩილ გაგნიძესთან ციხეში ადვოკატები შევიდნენ. მათ სურდათ დაეზუსტებინათ, რატომ იმყოფებოდა და რაზე ესაუბრა ბრალდებულს პროკურორი. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მათ რამდენიმე საათი დაჰყვეს.
ვასილ მამულაშვილი, ადვოკატი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ არჩილ გაგნიძემ 26 აგვისტოს მართლაც მისწერა წერილი ციხის ადმინისტრაციას, სადაც ის პროკურორთან შეხვედრას ითხოვდა, თუმცა, მისი თქმით, არჩილ გაგნიძემ ეს კონკრეტული წერილი პროკურორთან სრულიად სხვა მიზეზით გააგზავნა. ადვოკატი ამბობს, რომ არჩილ გაგნიძეს სურდა, პროკურორისთვის დაკარგული ტანისამოსის შესახებ მიეწოდებინა ინფორმაცია, მაგრამ პროკურორმა ლაპარაკი სულ სხვა მიმართულებით წაიყვანა:
„ჩვენ ველაპარაკეთ არჩილ გაგნიძეს. მას დიდი ხანია პროკურორთან სურს შეხვედრა, რადგან შეკითხვები აქვს საქმესთან დაკავშირებით. ამასობაში, მეორე საკითხიც გამოიკვეთა. ციხეში დაიკარგა მისი ტანსაცმელი. როდესაც ოჯახის წევრებმა ახალი ტანსაცმელი მიუტანეს, ძველი ტანსაცმელი გაქრა. ციხის ადმინისტრაცია ამბობს, რომ ნაგავი გვეგონაო, მაგრამ ფაქტია, რომ ტანსაცმელი არ ჩანს.
სწორედ ამიტომ მიმართა მან პროკურატურას. თუმცა, წერილში, მიმართვის მიზეზი არ ჩაუწერია. მხოლოდ ის დაწერა, რომ სურს პროკურორებთან შეხვედრა. შაბათს კი მასთან შევიდა პროკურორი ყაზარაშვილი და არჩილ გაგნიძის თქმით, მან უთხრა, მარტო შემოვედი, რათა გულწრფელად ვილაპარაკოთ, ადვოკატების გარეშეო. ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფმა პირმა ამაზე უარი თქვა. დაკარგულ ტანსაცმელზე რომ ვუთხარი, მიპასუხა, რომ ეს თემა არ მაინტერესებსო.
ძალიან ბევრ ეჭვს აჩენს ციხეში პროკურორის შაბათს შესვლა, თან ისე, რომ ამის შესახებ ადვოკატები ინფორმირებულები არ ვიყავით. უბრალოდ მოსანახულებლად ბრალდებულთან არც ადვოკატი შედის და არც პროკურორი. ისევე, როგორც ჩვენ, პროკურორიც შედის კონკრეტული საგამოძიებო მოქმედების საფუძველზე, რაზეც ყოველთვის დგება ოქმი, იქნება ეს გასაუბრების ოქმი, გამოკითხვის ოქმი და ა.შ. არავისთან დაურეკავთ, ისე შევიდა პროკურორი და ისე ჰქონდა მცდელობა, რომ გაგნიძისგან მიეღო ინფორმაცია“.
რადიო თავისუფლება

