“დუმილის უფლებას ვიყენებ” – დავით ფურცხვანიძეს პატიმრობა შეეფარდა

"დუმილის უფლებას ვიყენებ" - დავით ფურცხვანიძეს პატიმრობა შეეფარდაგარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ დავით ფურცხვანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ქეთევან ჯაჭვაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარემ კი სასამართლოს მისი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა.

თავად ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.

დავით ფურცხვანიძე სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს ფურცხვანიძის ადვოკატმა ნოდარ მესხმა განუცხადა. როგორც ადვოკატი განმარტავს, სასამართლოს გადაწყვეტილებას ის კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

“მიგვაჩნია, რომ დავით ფურცხვანიძე საზღვარგარეთ სათანადო პირობებს შეიქმნიდა და მიემალებოდა გამოძიებას“,- ამის შესახებ პროკურორმა, დავით გუმბერიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული დავით ფურცხვანიძის მიმართ პატიმრობის შეფარდებას გამოეხმაურა.

დავით გუმბერიძის განცხადებით, მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული დავით ფურცხვანიძის მიერ ახლი დანაშაულის ჩადენის მთავარი საფრთხეც გამოიკვეთა.

„მოსამართლემ სრულად გაიზიარა ჩვენი პოზიცია აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენების თაობაზე. რაც შეეხება მიმალვის საფრთხეს, ტელეფონიდან ამოვიდა ინფორმაცია კონკრეტულად იმ ფაქტზე, რომ ავიაბილეთი ჰქონდა შეძენილი და ეს პიროვნება ქვეყნის დატოვებას აპირებდა.

საჯარო სივრცეშიც მოისმინეთ მისი განმარტება, რომ ამერიკაში აპირებდა წასვლას, რათა ჩაეტარებინა ალტერნატიული ექსპერტიზა, თუმცა, რაც პროცესზე განაცხადეს, ეს გახლდათ მორიგი სამუშაო ვიზიტი, რასთან დაკავშირებიაც აპირებდა ფურცხვანიძე ქვეყნის დატოვებას. შესაბამისად, იმ საფუძვლებით, რაც ჩვენ გვაქვს, თუნდაც საზღვარაგარეთ მისი საბანკო ანგარიში, ფინანსური შესაძლებლობები, სანაცნობო წრე, რაზეც ის საუბრობდა, ჩატარებული გამოძებით მიგვაჩნია, რომ ეს პიროვნება საზღვარგარეთ სათანადო პირობებს შეიქმნიდა და მიემალებოდა გამოძიებას.

რაც შეეხება მტკიცებულებების განადგურების ნაწილს, სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენი პოზიცია. აქ არის ახლი დანაშაულის ჩადენის მთავარი საფრთხე, რაც ჩვენ დავასაბუთეთ,- განაცხადა დავით გუმბერიძემ.

იპნ