“ესპანეთში დაბრუნებით ბედნიერი ვარ” – ოთარ კაკაბაძე ტენერიფეში ითამაშებს

"ესპანეთში დაბრუნებით ბედნიერი ვარ" - ოთარ კაკაბაძე ტენერიფეში ითამაშებსესპანურ სეგუნდა დივიზიონში კიდევ ერთი ქართველი ითამაშებს – “ტენერიფეს” ოფიციალურმა საიტმა საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველის, ოთარ კაკაბაძის ტრანსფერი დაადასტურა.

25 წლის ფეხბურთელსა და კანარელებს (ტენერიფე კანარის კუნძულების ყველაზე დიდი ქალაქია თითქმის მილიონიანი მოსახლეობით) შორის ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

კაკაბაძე, რომელსაც საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, ხოლო ეროვნული გუნდის ღირსება 34 მატჩში დაუცავს, ესპანურ კლუბს შვეიცარიული “ლუცერნიდან” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

ალბათ, შეხსენება არ გჭირდებათ, რომ მას სეგუნდაში ადრეც უთამაშია – 2016-18 წლებში 44 მატჩში ჩაატარა ტარაგონის “ჟიმნასტიკის” მაისურით.

“ბედნიერი ვარ ესპანურ ფეხბურთში დაბრუნებით, – თქვა კაკაბაძემ კონტრაქტზე ხელმოწერის შემდეგ, – “ტენერიფე” დიდი კლუბია, არაერთი სეზონი აქვს გატარებული პრიმერა დივიზიონში… გუნდს კარგად ვიცნობ, რადგან ესპანეთში თავის დროზე “ჟიმნასტიკში” მითამაშია, ისევე, როგორც საქართველოს, დანიისა და შვეიცარიის ჩემპიონატებში… მოუთმენლად ველი გუნდთან ერთად ვარჯიშის დაწყებას…

ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ, რადგან “ლუცერნთან” ერთად სრულყოფილი წინასასეზონო შეკრება გავიარე და ბოლოს გუნდშიც ვითამაშე… მაგრამ უკვე “ტენერიფეში” ვარ და 100 პროცენტით მჯერა, გუნდს დიდ დახმარებას გავუწევ”.

სპორტალი