5 სექტემბერს ღამით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მკვლელობა მოხდა. 47 წლის ვანო ხანჯალიაშვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ტრაგედია ვანოს სახლიდან ცოტა მოშორებით, გვერდით ქუჩაზე დატრიალდა. ფაქტს თვითმხილველი ჰყავს, რომელიც სამართალდამცავებმა წუხელვე გამოკითხეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, მომხდარს წინ დაპირისპირება უძღოდა. როგორც ირკვევა, მამაკაცები მანქანის გამო წაკამათდნენ. ჩვენი ინფორმაციით, ვანო ხანჯალიაშვილის მკვლელობაში მხილებული სოფელ იყალთოში მცხოვრები 37 წლის მწყემსია.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, პირი იდენტიფიცირებულია, თუმცა ჯერჯერობით დაკავებული არ არის და მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
თემურ გიგაური, მერის წარმომადგენელი სოფელ რუისპირში:
– სამწუხაროა, რაც მოხდა. როგორც გარდაცვლილი ბიჭის დედა ამბობს, ვანოს სახლში მიაკითხეს მანქანით, ცოტა ხანი ისაუბრეს, მერე ჩაისვეს მისი შვილი მანქანაში და წაიყვანეს. როგორც ჩანს, შელაპარაკება გვერდით
ქუჩაზე მოხდა. მოკლულსა და დამნაშავეს შორის კონფლიქტი მანქანის გამო მოხდა. გარდაცვლილი ვანო ხანჯალიაშვილი ძველ მანქანებს ყიდულობდა, აწესრიგებდა და მერე ყიდდა, მეზობლები ამბობენ, რომ სწორედ გაყიდული მანქანის გამო მოუხდათ უთანხმოება. ვანოსგან უყიდია გვერდით სოფელში მცხოვრებ მამაკაცს მანქანა და თურმე გაირკვა, რომ იმ მანქანას ყადაღა ედო. სავარაუდოდ ამაზე იყო დავა, ის ბიჭი ითხოვდა უკან მიებრუნებინა მანქანა. სახლში მიაკითხა და იქიდან გაიყვანეს ვანო. როგორც გავარკვიეთ, გვერდით უბანში არიან გასულები. იქ მომხდარა კონფლიქტი და ამ დროს იმ ბიჭმა ცეცხლსასროლი იარაღით გასროლით მოკლა ვანო. ტყვია პირდაპირ თავში აქვს ნასროლი და სამწუხაროდ, ადგილზე იყო გარდაცვლილი. ფაქტს თვითმხილველი ყავს, მაგრამ მას ჯერ არ გავსაუბრებივარ, რადგან წუხელვე დაკითხვაზე იყო წაყვანილი.
– ვანო კონფლიქტური ადამიანი ხომ არ იყო?
– არა, პატიოსანი, მშვიდი ბიჭი იყო. დაოჯახებული არ იყო, მამა გარდაცვლილი ჰყავს და დედასთან და ძმასთან ერთად ცხოვრობდა. დალევა არ უყვარდა და კონფლიქტები. იაფფასიან მანქანებს ყიდულობდა სოფელში, შეაკეთებდა და მერე ჰყიდდა. ამის გამო როგორც ვიცი, პატარა უთანხმოებები ადრეც მოუვიდა მყიდველებთან. კონკრეტულად რაზე იჩხუბეს, ნამდვილად არ ვიცი, ამას გამოძიება დაადგენს. დედა ამბობს, რომ სახლში მიაკითხეს მანქანით მის შვილს, ილაპარაკეს აქაც ცოტა ხანი, მერე ჩაისვეს მანქანაში და სახლიდან წაიყვანესო და ამის შემდეგ ეს საშინელი ამბავი გაიგო.
გოჩა ქააძე, მერის წარმომადგენელი სოფელ იყალთოში:
– ბიჭი, რომელსაც მკვლელობაში ადანაშაულებენ, ჩვენი თანასოფლელია. როგორც ვიცი, წუხელ ეძებდნენ. ცუდი ბიჭი არ იყო, რა მოხდა და რატომ დატრიალდა ეს ტრაგედია, არ ვიცი. სოფელში ყველა გაოგნებულია. როგორც შევიტყვეთ, მანქანაზე ყოფილა დავა და რაღაც ფულის დაბრუნებას ითხოვდა ეს ბიჭი. ზოგადად კონფლიქტური პიროვნება არ იყო, ჩვეულებრივი მშრომელი, მწყემსი ბიჭია, საქონელი და ცხვრები ჰყავს. ცხოვრობდა თავისთვის, დაოჯახებული არ იყო. სამწუხარო ამბავია, რაც მოხდა, დეტალები ჩვენთვის უცნობია.
კვირის პალიტრა

