“ღარიბაშვილმა ცოტნე გამსახურდიას ჩაარტყა ყავარჯენი, სოლოღაშვილმა – თავში დანა” – ცოტნე გამსახურდია ჩვენებას ჟესტების ენაზე იძლევა

"ღარიბაშვილმა ცოტნე გამსახურდიას ჩაარტყა ყავარჯენი, სოლოღაშვილმა - თავში დანა" - ცოტნე გამსახურდია ჩვენებას ჟესტების ენაზე იძლევა“მიგვაჩნია, რომ ბრალდების მხარემ წარმოადგინა ყველა სათანადო მტკიცებულება, რომელიც უტყუარად ადგენს ბრალდებულების დამნაშავეობას მოცემულ საკითხთან დაკავშირებით და გვაქვს მოლოდინი, რომ ისინი კანონის მთელი სიმკაცრით იქნებიან დასჯილნი”, – ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის ცოტნე გამსახურდიას ოჯახის ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა განაცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით, ხვალინდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დასკვნითი სიტყვით წარსდგება.

“ხვალ სრულდება ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის საქმეზე სასამართლო განხილვები, ხვალ ბრალდების მხარე წარადგენს დასკვნით სიტყვას, ხოლო 11 სექტემბერს – დაცვის მხარე. მე, როგორც ადვოკატს და ცოტნე გამსახურდიას ოჯახის წევრებს მიგვაჩნია, რომ ამ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი იქნა ყველა სათანადო მტკიცებულება, რომელიც უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულების დამნაშავეობას მოცემულ საკითხთან დაკავშირებით და გვაქვს მოლოდინი, რომ ისინი კანონის მთელი სიმკაცრით იქნებიან დასჯილნი.

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო სოლოღაშვილი და ღარიბაშვილი, რომელთაც უშუალოდ ედებათ ბრალი ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენაში. სოლოღაშვილმა რამდენჯერმე ჩაარტყა დანა თავში ცოტნე გამსახურდიას, ხოლო ღარიბაშვილმა რკინის ყავარჯენი ისეთი ძალით ჩაარტყა გამსახურდიას, რომ ეს ყავარჯენი გატყდა და შემდეგ დანის მსგავსი საგნით მიაყენა გულის არეში ჭრილობები”, – აღნიშნა ამირან გიგუაშვილმა.

მისივე განცხადებით, ცოტნე გამსახურდიამ ჟესტების ენაზე კომუნიკაციის შედეგად დაადასტურა, რომ სწორედ ეს პირები მონაწილეობდნენ მის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში.

“არსებობს პირდაპირი სახის მტკიცებულებები როგორიც არის სისხლის კვალი, მოწმეთა ჩვენებები, ვიდეო კამერების ჩანაწერები და მიუხედავად იმისა, რომ ცოტნე გამსახურდია ფიზიკურად ვერ ახერხებს პირდაპირი კომუნიკაციის დამყარებას, რათა მას მიეცა სასამართლოსთვის ამომწურავი ინფორმაცია, მან ჟესტების ენაზე კომუნიკაციის შედეგად დაადასტურა, რომ სწორედ ეს პირები მონაწილეობდნენ მის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ცოტნე გამსახურდიას ჩვენება, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებაა, რომელმაც სასამართლოს უნდა შეუქმნას რწმენა, რომ საბრალდებო სკამზე სხედან სწორედ ის დამნაშავეები, რომლებმაც ცოტნე გამსახურდია სასიკვდილოდ გაიმეტეს,” – განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.

შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია 2019 წლის, 19 დეკემბერს დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი ჯერ თურქეთის კლინიკაში, შემდეგ გერმანიაში გადაიყვანეს. გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე 4 პირია დაკავებული.

იპნ