გრიგოლ აბრალავა 30.000-იანი გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს

გრიგოლ აბრალავა 30.000-იანი გირაოს სანაცვლოდ გამოუშვესპოლიციისთვის წინააღმდეგობის ბრალდებით დაკავებული გრიგოლ აბრალავა, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრის, ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმაა, სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბრალდებულის ადვოკატმა, იოსებ ხარატიშვილმა განუცხადა. ადვოკატის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გრიგოლ აბრალავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 30.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ 28 ივლისს შეუცვალა.

აბრალავასთან ერთად სასჯელაღსრულების დაწესებულება 30.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დატოვა აბრალავასთან ერთად დაკავებულმა ნუგზარ თალაკვაძემაც.

აღნიშნულ საქმეზე სასამართლო განხილვები გრძელდება, ბრალდებულები წინასასამართლო სხდომიდან გაათავისუფლეს.

ცნობისთვის, გრიგოლ აბრალავა მეგობართან ერთად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.

პროკურატურის ინფორმაციით, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის, პატრულ-ინსპექტორებმა დევნის შედეგად ავტომანქანა გააჩერეს, რომელშიც აბრალავა მეგობართან ერთად იმყოფებოდა. პროკურატურის განმარტებითვე, ავტომანქანიდან გადმოსულმა პირებმა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლისა და პოლიციის მუშაკების საქმიანობის შეცვლისა და შეწყვეტის მიზნით ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს პატრულ-ინსპექტორებს.

იპნ