ლევან ხაბეიშვილი – „ვინმეს თუ სჯერა, რომ “ოცნებას” 55% უჭერს მხარს, სერიოზული პრობლემები აქვს»

ლევან ხაბეიშვილი - „ვინმეს თუ სჯერა, რომ "ოცნებას" 55% უჭერს მხარს, სერიოზული პრობლემები აქვს»ნონა ცაბაძე, ახალი თაობა

“ახალი თაობის” კითხვებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი პასუხობს.

– ლევან, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დაკვეთით ბრიტანულმა კომპანიამ კვლევა ჩაატარა. კვლევების თანახმად, “ქართულ ოცნებას” 55% მისცემდა ხმას, არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს, ხოლო ნაციონალურ მოძრაობას – 16%. ოპოზიციის დიდი ნაწილი ამ კვლევებს უნდობლობას უცხადებს. რას იტყვით თქვენ?

– დიდი ხანია, რუსთავი 2-ს არ ვუყურბ და არც მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ვიცი. არ მაინტერესებს, რას ლაპარაკობენ იმ არხზე, რომლის გენერალური დირქტორი ფაქტობრივად ბიძინა ივანიშვილია. ვინმეს თუ ჰგონია, რომ “ქართულ ოცნებას” 55% უჭერს მხარს, მას სერიოზული პრობლემები აქვს. ეს იმ ოპერიდანაა, პირველ ტურში რომ მოიგო სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები.

– თქვენთვის ეს ყველაფერი არასერიოზულია?

– 55%-იანი მხარდაჭერა რომ აქვს “ქართულ ოცნებას”, ეს ძალიან სასაცილოა.

– რას ემსახურებოდა ეს, საზოგადოებრივი აზრის მოსინჯვას?

– არანაირი მოსინჯვა არ უშველით. “ქართული ოცნება” ჩამოშლილია თავიდან ბოლომდე და ყველანაირად ცდილობენ, რომ რამენაირად შეამაგრონ ხალხი, აჩვენონ, რომ არჩევნებს იგებენ. ადამიანებში აბსოლუტურად სხვა განწყობაა. “ქართული ოცნება” მთლიანად ჩამოშლილია. ასევე ყველა ვხედავთ გუნდის შიგნით რღვევას. კონკრეტული ადამიანები ტოვებენ მათ რიგებს.

– ლევან, საკმაოდ იმატა ვირუსის შემთხვევებმა, რა საფრთხე შეიძლება შეექმნას წინასაარჩევნო კამპანიას?

– ლამის ეპიდემიოლოგებად რომ მოაქვთ თავი, იმ ხალხმა დაგვიანონსა, 31 ოქტომბერს იქნება პიკიო. სასაცილოა ეს ყველაფერი. მძიმეა ამ ყველაფრის ყურება მოქალაქეებისთვის. ერთი ასეთი შეკითხვა მაქვს, დღეში 7 შემთხვევა რომ იყო, მაშინ ჩაგვკეტეს და სახლებიდან არ გამოგვიშვეს და დღეს არის 57 შემთხვევა და გარეთ გადავაადგილდებით. ამას ორი პასუხი აქვს, ან მაშინ ჩაგვკეტეს ტყუილად, გააჩერეს ეკონომიკა და დაამშიეს ხალხი და დღეს რა ხდება?!

– ვირუსის მართვა ვისწავლეთო.

– სასაცილოა ეს ყველაფერი, რა მართვა ისწავლეს, პულტი აქვთ ხელში?! როგორც უნდათ, ის იქცევიან, როცა უნდათ, უმატებენ, როცა უნდათ, უკლებენ.

– რაში სჭირდებათ ამით მანიპულირება?

– რა გითხრათ, გარკვეული მანიპულაციებია, ადამიანების დაშინება მიდის, რომ მუდმივ შიშში და ტერორში ჰყავდეთ. მიეჩვივნენ ამ ყველაფერს და თან კორონა მოეწონათ. თვითონ რესტორნებშიც დადიან, კაისაც ჭამენ და კაისაც სვამენ. როცა უნდათ, ხალხს მაშინ ჩაკეტავენ. ზოგი იმასაც უშვებს, რომ აი არჩევნებს რომ გავაყალბებთ მერე ასე ვიზამთ და ისე ვიზამთო. ეს ყველაფერი სულელი ადამიანის ფიქრებს ჰგავს. არაფერი აღარ ეშველება ამ არჩევნებზე “ოცნებას”, რაც არ უნდა ეპიდემია აცხადონ, რაც არ უნდა კორონა, არჩევნები ჩატარდება და აუცილებლად ისინი დამარცხდებიან. ამის მერე ნორმალურ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ ყველამ.

– ოპოზიციაშიც არ არის საქმე კარგად. დაპირისპირება, ერთმანეთის ლანძღვა. ბოლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილის განცხადებებმა და მისმა ფაქტორმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ყველა აცხადებს, რომ სააკაშვილის პრემიერობას მხარს არ დაუჭერენ, რომ მას არ აღიარებენ. რას იტყვით ამ ყველაფერზე?

– იცით რა, მიხეილ სააკაშვილის პრემიერად აღიარებას არ უნდა პოლიტიკოსების აღიარება, ამას სჭირდება მისი აღმატებულება ქართველი ხალხის გადაწყვეტილება. ამიტომ მე მესმის ამ პოლიტიკური პარტიების. სწორიც არის ალბათ მათი მხრიდან, პარტიული იდენტობა სჭირდებათ, გარკვეული ხმები და მანდატები სჭირდებათ. თუმცა დღეს თუ ვინმეს შეუძლია “ქართული ოცნების” დამარცხება, ეს ნამდვილად არის ნაციონალური მოძრაობა და მასში შემავალი პარტიები, რომელიც ჩვენს ბლოკში არიან.

ის პარტიები, ვინც ცალკე გადიან, ალბათ ლოგიკური და ნორმალურია, რასაც აკეთებენ, თუმცა ავიწყდებათ რეალური პრობლემა და რეალური პრობლემა არ არის ის, რომ ხვალ ვინ იქნება პრემიერი, რეალური პრობლემაა ეკონომიკური გაჭირვება, ოლიგარქია და კრიმინალი, რაც ქვეყანაშია და ამაზე არ ლაპარაკობენ.

– არათანმიმდევრულ განცხადებებში ადანაშაულებენ სააკაშვილს. ჯერ მოდიოდა, ახლა აღარ მოდისო.

– მიშა სააკაშვილს აბსოლუტურად სწორი და ადეკვატური განცხადებები ჰქონდა და მან თქვა კიდეც, რომ ქვეყანაში არ ჩამოვა, სანამ ეს ხელისუფლება არ შეიცვლება.  “ქართული ოცნება” ხომ სულ ამით აშინებს ხალხს, რომ მიშა ჩამოვა, არეულობა იქნება, მიშამ კი თქვა – როგორ მშვიდობიანადაც წავედი, ისე მშვიდობიანად ვაპირებ ქვეყანაში დაბრუნებას.

– ნაციონალური მოძრაობა უმრავლესობაში უნდა მოვიდეს, სხვა შემთხვევაში მიშას პრემიერად ვერ დაამტკიცებენ და გაქვთ ამის იმედი?

– რატომაც არა?! ჩვენ არჩევნებში იმიტომ ვღებულობთ მონაწილეობას, რომ გავიმარჯვოთ.

– კვლევები რომ სრულიად სხვა ციფრებს გვიჩვენებს?

– არა უშავს. კვლევები იმასაც ამბობდა, რომ გრიგოლ ვაშაძე 17%-ს იღებდა, მაგრამ 40% აიღო პირველ ტურში. ხალხმა ისწავლა ჭკუა და აღარ ლაპარაკობენ საკუთარ არჩევანზე. ეგრე, 2012 წელს 7% ჰქონდა “ქართულ ოცნებას” და 52% აიღო არჩევნებზე. არის წინასწარი კვლევები, მაგრამ არჩევნების შედეგები დგება სრულიად სხვა. ყველა კვლევა 16-17%-ს უჩვენებს ნაციონალურ მოძრაობას, მაგრამ როდის აიღო 27-30%-ზე ნაკლები?!

– დამარცხდება “ოცნება” ამ არჩევნებზე?

– “ოცნებაზე” აღარც ვლაპარაკობ, ერთი წამითაც აღარ მეპარება ეჭვი, რომ დამარცხებულია ამ არჩევნებში. ის მოხვდება ოპოზიციურ ფლანგზე.

– თუკი არ გამართლდა თქვენი მოლოდინები და სრულიად სხვა შედეგები დაიდო? იქნებ იმარჯვებს ისევ “ოცნება”?

– კატეგორიულად გამოვრიცხავ იმას, რომ “ოცნებამ” თავი გამარჯვებულად გამოაცხადოს. თუ ამას გააკეთებენ და მიიტაცებენ ხელისუფლებას, ადეკვატურ პასუხსაც მიიღებენ.