“მდგომარეობა მძიმეა, შემოსვლისას გონზე იყო” – როგორ არის ფილარმონიასთან აფეთქებისას დაშავებული მამაკაცი

"მდგომარეობა მძიმეა, შემოსვლისას გონზე იყო" - როგორ არის ფილარმონიასთან აფეთქებისას დაშავებული მამაკაციფილარმონიასთან აფეთქებისას დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. ის ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკის კრიტიკული მედიცინის განყოფილების უფროსმა ლევან ბესელიამ განუცხადა, პაციენტს კვლევები უტარდება.

„მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური. კლინიკაში შემოსვლის მომენტისთვის გონზე იყო. არის ახალგაზრდა მამაკაცი. მას აღენიშნება დამწვრობა, მრავლობითი ექსკორიაციები, ჭრილობა მხრის, კისრისა და გულმკერდის არეში“, – განაცხადა ლევან ბესელიამ.

რაც შეეხება კიდევ ერთ დაშავებულს, შუახნის მამაკაცის მდგომარეობა, სტაბილურია. ის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში განუცხადეს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურია და კვლევები უტარდება.

კიდევ ერთი დაშავებული ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება კლინიკაში 18:00 საათზე გაკეთდება.

შეგახსენებთ, ფილარმონიასთან აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.