“მე გიორგი მიქაუტაძე ვარ, დავიბადე ლიონში, საფრანგეთის მოქალაქე ვარ” – ქართველმა ფორვარდმა ბელგიაში 5 მატჩში 9 გოლი გაიტანა

"მე გიორგი მიქაუტაძე ვარ, დავიბადე ლიონში, საფრანგეთის მოქალაქე ვარ" - ქართველმა ფორვარდმა ბელგიაში 5 მატჩში 9 გოლი გაიტანა19 წლის ქართველმა ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ გუშინ, 27 სექტემბერს, ბელგიის პროქსიმუს ლიგაში ჰეთ-თრიკი შეასრულა და მიმდინარე სეზონში უკვე 9 გოლი მოუგროვდა (5 მატჩში!!!).

საფრანგეთში დაბადებული და გაზრდილი 19 წლის ბიჭი კარგად საუბრობს ქართულად და ისტორიული სამშობლოსაგან კულტურულად მოწყვეტილი არაა, პირიქით.

“მე გიორგი მიქაუტაძე ვარ. დავიბადე 2000 წლის 31 ოქტომბერს, ქალაქ ლიონში. საფრანგეთის მოქალაქე ვარ. ოჯახში მე, მშობლები, უფროსი და და უმცროსი ძმა ვართ. 7 წლამდე კლუბ “გერლანში”  ვთამაშობდი.

2017 წელს, 17 წლის ასაკში “მეცთან” 2-წლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი, რომელიც 1 წლით გაგრძელდა, ხოლო 2019 წლის ბოლოს კლუბთან 3-წლიანი პროფესიონალური ხელშეკრულება გავაფორმე, რომელიც ძალაში 2020 წლის ივლისიდან შევიდა.

შარშან ლიგა 1-ში დებიუტი “ნიცასთან” თამაშში მქონდა, 8 წუთი ვითამაშე. ხოლო “რენის”, “მარსელისა” და საფრანგეთის თასზე “დიჟონის” წინააღმდეგ სათადარიგოთა შორის ვიყავი.

საქართველოში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი, დიდი სანათესაო მყავს. უბრალოდ, ბოლო წლებში ვეღარ ვახერხებდი. ზაფხულს მქონდა დაგეგმილი ოჯახთან ერთად ჩამოსვლა, მაგრამ კორონავირუსის გამო გადაგვედო…

საქართველოს ნაკრებში თამაშზე ჯერ კონკრეტული არაფერია. ჯერ კარიერის საწყის ეტაპზე ვარ, ყველაფერი წინ მაქვს და თან, არავითარი შემოთავაზება არ მქონია.

ქართველ ფეხბურთელებს პირადად არ ვიცნობ. მეგონა, “გენტთან” თამაშისას გიორგი ჩაკვეტაძეს გავიცნობდი, თუმცა, სამწუხაროდ, იმ მატჩში არ უთამაშია.

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გულშემატკივრობისათვის. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვამაყობ, რომ მთელი ჩემი ნათესაობა, ახლობლები და საქართველო გვერდით მიდგას.”

სპორტალი