ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოტაკი მიხეილ რამიშვილი 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას უნდობლობას უცხადებს.
რაც შეეხება პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ თამარ ბაჩალიაშვილი რამდენიმე აფთიაქში შედის და წამლებს ყიდულობს, ამასთან დაკავშირებით მიხეილ რამიშვილი აცხადებს:
„არ გქონიათ შემთხვევა, როდესაც სადმე ვინმესთან შესახვედრად მიდიხარ, ვიღაცამ გთხოვა, მაინც მოდიხარ და იქნებ პროდუქტი ან რაიმე პრეპარატი წამომიღო. რატომ გამორიცხავთ, რომ ვიღაცამ თხოვა- წამომიღე“,- აღნიშნა მიხეილ რამიშვილი.
მისი თქმით, ალოგიკურია, როდესაც ადამიანი თვითმკვლელობას გეგმავ და თბილისიდან მოშორებით ისეთ ადგილას მიდიხარ, სადაც ადრე არასდროს ყოფილხარ.
„რატომ არ უნდა არსებობდეს ლოგიკა – ადამიანის მკვლელობას რომ გეგმავ, როდესაც მთელი სისტემა გაქვს ჩართული და ოჯახის ყველა წევრი შესწავლილი გყავს… დავადგინოთ საერთოდ ვის შეხვდა, ნუთუ ასეთი აბსურდია ეს ცხოვრება, რომ ამხელა მანძილზე მიდიხარ თავის მოსაკლავად? შედიხარ ჯერ ერთ სოფელში, მერე მეორე სოფელში, ვერ გადიხარ, ვერაფერს ვერ ნახულობ და ვერ იგებ საერთოდ როგორ აღმოჩნდი. ასეთ აბსურდამდე მივდივართ? აღარ არის ამხელა ქალაქში ადგილი, რომ თავის მოსაკლავად სადღაც მიდიხარ, ცხოვრებაში ნაყოფი რომ არ ხარ?“,- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
ადვოკატის განცხადებით, გამოძიების პროცესში თავიდანვე ყველა ცდილობდა, რომ საქმე თვითმკვლელობისკენ წაეყვანა.
„დადოს გენერალურმა პროკურატურამ, 18-და 22 ივლისამდე სატელიტი ანძებიდან გადაღებული სურათები და მე ორივე ხელს ვწევ და ვამბობ, კი ბატონო თვითმკვლელობას ჰქონია ადგილი. აღადგინონ ყველა ინტენეტ ჩანაწერი, ვინ იყო ადამიანი, ვინც ბოლოს დაუკავშირდა“,- აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა „ტვ პირველთან“ საუბრისას.
ინფორმაციისთვის, პროკურატურის განცხადებით, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ბაჩალიაშვილის სხეულში აღმოჩენილი მედიკამენტების რაოდენობა ლეტალობის მინიმუმს ასეულობით აღემატება.
შეგახსენებთ, 22 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროში გარდაცვლილი იპოვეს.
საქმეზე გამოძიება 143-ე, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.
პია

