მიხეილ რამიშვილი – “სატელიტის ფოტოები დავით ფურცხვანიძემ გამომიგზავნა”

მიხეილ რამიშვილი - "სატელიტის ფოტოები დავით ფურცხვანიძემ გამომიგზავნა"გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი იმ პირის ვინაობას ასაჯაროებს, ვინც მას სატელიტით გადაღებული ფოტოები გაუგზავნა.

როგორც თბილისის პროკურატურასთან ჟურნალისტებთან საუბარში რამიშვილი განმარტავს, აღნიშნული პირი დავით ფურცხვანიძეა, რომელიც მზად არის, გამოძიებას მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდოს.

მიხეილ რამიშვილი ასევე გამოეხმაურა პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გაჟღერებულ ექსპერტიზის დასკვნებსაც და აღნიშნა, რომ მას აღნიშნული დასკვნის არ სჯერა.

„დავუკავშირდი ადამიანს, ვინც გადმომიგზავნა ეს სურათი და ის მზად არის, ყველა კითხვას პასუხი გასცეს. პროკურატურას ბევრი რაღაც უნდა, რომ გააყალბოს. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, თითქოს, აბები დალია, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, აბების დალევის მეორე რეჟიმიც არსებობს, როცა ფილტრაცია ხდება. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, უცხოელ ექსპერტებსაც შევეკითხე, როგორ შეიძლება ამდენი რაოდენობის აბი აღმოჩნდეს და ამავდროულად, ბოთლშიც წვეთებში ფიქსირდება აბები, რომელიც მიღებული ჰქონდა. ფილტრაცია იცით, როგორ ხდება? როცა აბები იფშვნება, აბები იხსნება ბოთლში და ნებისმიერი ჭურჭლიდან ხდება გადასხმა და ფილტრაცია. სუფთა სითხე გადადის მეორე ჭურჭელში, შეიძლება გადასხმა მომხდარიყო ბოთლში. ექსპერტიზის დასკვნას სრულად არ ვეთანხმები, ის სადაოა. ასე იაროს ადამიანმა და ამდენი ყლაპოს, მარტო გულის რევას გამოიწვევდა, იმას არკვევენ ჩემ მიერ წარდგენილი ფოტოები თურმე, ცრუ ყოფილა. იმას არ არკვევენ, ავტომობილი რომ არ იდგა. არკვიონ ახლა, რა არის სიცრუე. მაშინ მეც მოვახდენ რეგაირებას. არკვიონ, როგორ აყალბებენ მტკიცებულებებს და თავიანთი თავი თვითონ დაიჭირონ, დაიჭირონ ის ადამიანები, ვინც მკვლელებს მფარველობს, ვინც ჩართულია თავიდან ბოლომდე თამუნა ბაჩალიაშვილის მკვლელობაში. დავამტკიცებ, ვინ არის, სად მიდის გზები, უკან არ დავიხევ, არაფერს დავთმობ!“, – განაცხადა რამიშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა პროკურატურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, თამარ ბაჩალიაშვილის პორტატულ კომპიუტერსა და მობილურ ტელეფონში ჰაკერული პროგრამები არ აღმოჩნდა.

„ამათთვის ყველაფერი არაღმოჩენილია, ამათთვის ყველაფერი ტაბუდადებულია, ბრძანება აქვთ მიცემული, მწვანე აქვთ ანთებული, რომ ეს საქმე უნდა ჩაფარცხონ. ამათთვის თვითმკვლელობის მეტი არაფერი იყო თავიდანვე. ამ ბავშვზე თავიდანვე ეგონათ, რომ პატრონი არ ეყოლებოდა, პატრონიც ეყოლება და ყველაფერს გავაკეთებ! მკვლელებს არაფერი შერჩებათ, თამუნა ბაჩალიაშვილი მარტო ბაჩალიაშვილების შვილი არ არის, ჩემი შვილიცაა და ვისაც ღირსება გააჩნია და შვილი უყვარს, იმათი შვილიცაა“, – აცხადებს რამიშვილი.

ცნობისთვის, პრიკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების მიერ გასაჯაროებული ე.წ. სატელიტის ფოტოებზე დანიშნული ექსტერტიზის დასკვნის შედეგებით გაირკვა, რომ ისინი დამონტაჟებული და ყალბია.

იპნ