მურად წურწუმიას მკვლელობისთვის ზურაბ ფოფხაძეს 10, ვახტანგ ბურძენიძეს კი 9 წელი მიესაჯა

მურად წურწუმიას მკვლელობისთვის ზურაბ ფოფხაძეს 10, ვახტანგ ბურძენიძეს კი 9 წელი მიესაჯათბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, რასაც სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, სხვა დანაშაულის დაფარვის მოტივით თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ჯგუფურად ცემის ფაქტზე ბრალდებულები ზურაბ ფოფხაძე და ვახტანგ ბურძენიძე დამნაშავედ ცნო.

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 2 იანვარს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, ე.წ. „დამპალოს სასაფლაოს“ ტერიტორიაზე, ვ.ბ.-ს და ზ.ფ.-ს, ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებული ავტომანქანასთან დაკავშირებით, ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ მუხრან ჩხვირკიასა და მურად წურწუმიასთან.

პროკურატურის ცნობით, მხარეებს შორის კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომლის დროსაც ზ.ფ.-მ და ვ.ბ-მ, ჯგუფურად, მ.წ.-ს და მ.ჩ.-ს დაზიანებები, მათ შორის მ.წ.-ს სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის დაზიანებები მიაყენეს.

„მ.ჩ.-მ ჯგუფური ძალადობის შედეგად ფიზიკური ტკივილი განიცადა და შემთხვევის ადგილიდან გაქცევა მოახერხა. ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით ბრალდებულებმა მ.წ. ზ.ფ.-ს კუთვნილი ავტომანქანით ვ.ბ.-ს საცხოვრებელ ბინაში გადაიყვანეს, სადაც 3 იანვრის დილამდე უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. მ.წ. მიღებული დაზიანებების შედეგად 4 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა ზურაბ ფოფხაძე 2020 წლის 5 იანვარს, ხოლო ვახტანგ ბურძენიძე 8 იანვარს დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ზურაბ ფოფხაძეს 10 წლით, ხოლო ვახტანგ ბურძენიძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.