„ნათია თურნავა ჩაფლავებული მთავრობის ჩაფლავებული მინისტრია“

„ნათია თურნავა ჩაფლავებული მთავრობის ჩაფლავებული მინისტრია“იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

პარასკევს, 18 სექტემბერს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა პარლამენტში ინტერპელაციის წესით იმყოფებოდა და მან დეპუტატების კითხვებს უპასუხა, თუმცა ბევრ კითხვაზე პასუხი ისევ ბუნდოვანი დარჩა. მინისტრმა აქცენტი ისევ „ცხრა წელზე“ გააკეთა და იმაზე, როგორ კარგად იმუშავა საქართველოს მთავრობამ, ვითარება კი მსოფლიოში შექმნილი საერთო მძიმე ფონიდან გამომდინარე დამძიმდა.

უპასუხა თუ არა ოპოზიციის კითხვებს პასუხი მინისტრმა, რა გააკეთა ან რა უნდა გაეკეთებინა მთავრობას და თავად რას გააკეთებენ თუ ხელისუფლებაში მოვლენ? – ამ საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე საუბრობს.

_ პარლამენტში იმყოფებოდა ინტერპელაციის წესით ეკონომიკის მინისტრი. თუ მიიღეთ მისგან პასუხი, რას აპირებენ არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით?

_ მე მგონი, თქვენ ასეთი მარტივი კითხვა არასოდეს არ დაგისვამთ. ჩემი პასუხია არა.

_ რა მოისმინეთ მისგან რეალურად იმაზეც, რა სამუშაოც გასწიეს და იმაზეც, რასაც აპირებენ?

_ ჩვენ გვქონდა ძალიან კონკრეტული კითხვები. მაგალითად, რატომ იყო გამართლებული ეკონომიკის ჩაკეტვა მაშინ, როდესაც 10 და 15 ადამიანი იყო ინფიცირებული და დღეს რატომ არის გაუმართლებელი, როდესაც არის 200. მაშინ, როდესაც ეკონომიკური ვარდნაა კატასტროფული და სიღარიბე მატულობს და ლარი უფასურდება, რა არის ის ნიშნული, როდესაც გადასახადების დაწევაზე შეიძლება საერთოდ იფიქრო. მაშინ, როდესაც ასეთი ეკონომიკური ვარდნაა, რატომ არ ფიქრობენ, რომ შეამცირონ ადმინისტრაციული ხარჯები. პასუხებად მივიღეთ კლასიკურად „ქართული ოცნების“ პასუხები. ერთი მხრივ ის, რომ ყველაფერი არის კარგად და მეორე ის, რომ რა ცუდი იყო „ცხრა წელი“. რაც მთავარია, იყო ტყუილები, რაღაც კითხვებზე პასუხები არ იყო.

მაგალითად, ლოგიკური კითხვები იყო ის, რომ კარანტინი რატომ არის დისკრიმინაციული საქართველოს მოქალაქეების მიმართ. ამაზე არანაირი პასუხები არ იყო. აბსურდული პასუხები მოვისმინეთ, რაც როგორ უნდა გაიმეორო, არც კი ვიცი. გვითხრა, რომ უცხოელის ჩამოსვლის შემთხვევაში მისი გადაადგილების გაკონტროლება უფრო მარტივია, ვიდრე ქართველის ჩამოსვლის შემთხვევაშიო. როდესაც ვეკითხებით, რომ საიდან არის ეს დასკვნა, მაშინ როდესაც უცხოელი როცა ჩამოდის საქართველოში, მთელ ქვეყანას ნახულობს და ქართველი ლიმიტირებულ წრესთან მიდის. ამას რომ თავი დავანებოთ. საფრანგეთში მცხოვრებ ქართველს, რომელსაც მოქალაქეობა აქვს, საფრანგეთის კარანტინი არ ეკუთვნის და მისივე ოჯახის წევრს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა აქვს, მას ეკუთვნის. ამაზე არანაირი პასუხები არ არის. ამიტომ შევარქვით ჩაფლავებული მთავრობის ჩაფლავებული მინისტრი.

_ ეს იყო „ქართული ოცნების“ ტიპური საარჩევნო პროგრამის ნაწილი და პარლამენტშიც ეს მოხდა? თუნდაც ის „ცხრა წელი“, რაც თქვენც ახსენეთ?

_  კი, ზუსტად. ოღონდ იმ ცხრა წლის განმავლობაში რაღაც პერიოდში ნათია თურნავა იყო მინისტრის მოადგილე და, როგორც ჩანს, ენას ძვალი არ აქვს და ყველაფერს ლაპარაკობენ.

_ მინისტრის გამოსვლიდან დაგრჩათ შთაბეჭდილება, რომ მძიმე ზამთარი გველოდება?

_ ნამდვილად. მთელი ეს მიდგომა არის ის, რომ ერთი სული აქვთ, როდის მიაღწევენ არჩევნებამდე. არჩევნების მერე რა იქნება, არ აინტერესებს. ახლა რა ვითარებითაც მივდივართ, ეს ნიშნავს, რომ უმძიმესი მდგომარეობა გვექნება. გამოსავალი იქნება ის, რომ ესენი შევცვალოთ და მერე სწრაფად გავატაროთ რეფორმები, რომ ხალხმა მყისიერად იგრძნოს შვება, მაგრამ ამასაც დასჭირდება დრო იქიდან გამომდინარე, რა მდგომარეობაც ახლაა.

_ ანუ, იმას ამბობთ, რომ „ოცნება“ მოქმედებს სპონტანურად, რომ როგორმე მიაღწიოს არჩევნებამდე და მერე რა იქნება, ამაზე საშუალო ვადიანი და გრძელვადიანი გათვლა არ აქვს?

_ გრძელვადიანი გათვლა კი არა, ახლაც არანაირი გათვლა არ აქვთ. უბრალოდ უნდათ ის, რომ როგორმე მიბობღდნენ არჩევნებამდე, რომ როგორმე გადააგორონ ეს. გათვლაზე ლაპარაკი ზედმეტია.

_ მაგრამ, პოლიტიკურ პარტიას ისიც ხომ უნდა ესმოდეს, რომ შესაძლოა არჩევნები მოიგოს, მაგრამ შედეგი თუ მძიმე იქნება, შესაძლოა ქუჩაში გამოსული ათასობით მოქალაქე იხილოს?

_ ეს ასეა, მაგრამ „ქართული ოცნება“ ხომ კლასიკური პოლიტიკური პარტია არ არის?! ეს არის ივანიშვილი და მისი გუნდი. მათ თავისი პირადი კეთილდღეობა აინტერესებთ უფრო მეტად, ვიდრე გრძელვადიანი გეგმა.

_ ხალხს აინტერესებს, რას პირდებით ოპოზიციური პარტიები. კრიტიკა მარტივია, მაგრამ თქვენ რას პირდებით?

_ ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რა უნდა გაკეთდეს ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად. პანდემიასთან მიმართებით უნდა იყოს შეზღუდვების გზით სიარული კი არა, არამედ ჯანდაცვის სექტორების გაზრდა უნდა მოხდეს, ექიმების რაოდენობის გაზრდა, საწოლების დამატება… რათა პაციენტების გაზრდილმა რაოდენობამ მკურნალობის პროცესში პრობლემები არ შექმნას. პირველი ამოცანაა, რომ მომზადებული უნდა იყო გაზრდილ რაოდენობაზე. მეორე, მნიშვნელოვანია პროპაგანდა, იქნება ეს პირბადის ტარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე თუ სხვა რამე. რასაც მთავრობა ამბობდა, რომ დავამარცხეთ პანდემიაო, ეს უკუშედეგს იძლევა, ეს მაშინ, როდესაც პირიქით არის.

მესამე, დახმარებები უნდა გაიცეს მათზე, ვისზეც არის ჩამოკიდებული ეკონომიკა. ეს არის ადამიანების საშუალო კლასი, რომელიც ყველაზე მოწყვლადი ფენაა.  მეოთხე, უნდა მოხდეს მეტი ფულის დატოვება ეკონომიკაში, რათა არ ჩამოიქცეს ეკონომიკა. ამის სწორი გზაა გადასახადების შემცირება. თუ გადასახადებს შეამცირებ, ეს ფული რჩება ხალხს.

_ ბიზნესის დახმარება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მას ჰყავს ბევრი ადამიანი დასაქმებული და მის დახმარებას ამ მეოთხე ნაწილში განიხილავთ?

_ დახმარება იქნება სწორედ გადასახადების შემცირება. ამ დროს რამდენიმე მილიონი ლარი რჩება ეკონომიკაში. როდესაც უმცირებ მოგების, საშემოსავლოს, ქონების გადასახადს, ფასები მოდის ქვემოთ და ბიზნესთან რჩება მეტი ფული. როდესაც გადასახადს ამცირებ, მეტი ფული შემოდის ქვეყანაში.

ახლა რასაც აკეთებენ, ეს კატასტროფაა. 400 მილიონი დოლარი პრაქტიკულად დაწვეს და მაინც გაექცათ. აიღეს ვალები და სოციალური პროგრამები დააფინანსეს და ეს ვალები ჩვენი გადასახდელია და უკვე კატასტროფული სურათი მივიღეთ. დააფინანსეს ისეთი ადამიანები, რომლებიც ეკონომიკას არ ქმნიან, მაშინ როცა პირიქით უნდა იყოს.

პირველი ამოცანაა, რომ კორონას კრიზისი გადავაგოროთ, ოღონდ მერე არის ამოცანა, რომ ქვეყანა გადარჩეს. ახლა ქვეყანა უბრალოდ კატასტროფის წინაშეა. ამ ყველაფრის შემდეგ კი შანსი გვაქვს იმის, რომ მეტი ფული დარჩეს ხალხს.

ჩვენი პროგრამული ცვლილებების ხედვა ასეთია. ერთ-ერთი არის სახელმწიფო საკუთრების გადაცემა კერძო საკუთრებაში. დაახლოებით 70% მიწის, საძოვრების, ტყეების და ა. შ. სახელმწიფო საკუთრებაშია და 30%-ია კერძოში. ეს პირიქით უნდა იყოს, ამ დროს ადამიანები უფრო მდიდრდებიან. გადასახადების შემცირებით კი დაახლოებით 2.000 ლარი რჩება ოჯახებს, რომელსაც გამოიყენებენ თავისი ბიზნესისთვის. ბოლოს, ამ ყველაფერს ვერ გააკეთებ ისე, თუ მთავრობის ხარჯი არ შეამცირე მნიშვნელოვნად. ამ ვითარებაში სხვა გამოსავალი არ არის, ესენი კი მთავრობის ხარჯებს ისევ ისე აგრძელებენ, ვალებს იღებენ და არასწორ სოციალურ დახმარებებში გასცემენ.

_ მთავრობის ხარჯების შემცირებაში რას გულისხმობთ, მთავრობის შემადგენლობის და ადმინისტრაციის შემადგენლობა უნდა შემცირდეს თუ რა უნდა მოხდეს?

_ აქ იგულისხმება სხვადასხვა ხარჯები, რაც მიდის სხვადასხვა ტიპის მუნიციპალიტეტების აიპ-ებზე. ხალხი დასაქმებულია იმ მიზნით, რომ უბრალოდ გაფორმებულია, თორემ არავითარი დოვლათი არ იქმნება და ბიუროკრატიის საკვებად არის ქცეული. შტატგარეშე თანამშრომლობის შემცირება უნდა მოხდეს, რომლის ანაზღაურებაც წლიურად 12%-ით იზრდება და ჯამში რამდენიმე ასეული მილიონი ლარია. ეს ადმინისტრაციული ხარჯები განსაკუთრებით უნდა შემცირდეს სამინისტროების შიგნით.

2016 წელს რაც იყო ადმინისტრაციული ხარჯები, ჩვენ ვტოვებთ იმ ნიშნულზე. იმის მერე, რაც გაიზარდა, იმას მოვაკლებთ მარტო და ეს საკმარისია იმისათვის, რომ ქვეყანამ იფუნქციონიროს და დარჩეს ეს ეკონომიკაში და ის ხალხის ჯიბიდან არ ამივიღოთ.

_ ცალკეულ სექტორებში მთავრობამ გააკეთა სუბსიდირება. მიიჩნევთ, რომ ესეც საარჩევნო გათვლა იყო, რომ რაღაც ბიზნესი წაეხალისებინათ და ა. შ?

_ ყველაფერი, რაც გააკეთეს, საარჩევნო გათვლა იყო თავისი ხალხისთვის, თავისი შემომწირველებისთვის, თავისად „გარანტირებული პირებისთვის“ და არავისთვის სხვისთვის. ამიტომ არის, რომ „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 30 მილიონი ვერ დაიხარჯა, რომელიც ტურიზმს ეხებოდა, ოქტომბერში 40 მილიონი დაიხარჯება არჩევნების წინ. სოფლის მეურნეობის სექტორში დახმარებები მათ შემომწირველებს მისცეს და ისეთ ხალხს, რომლებიც მათთან იყვნენ დაკავშირებულები.

_ გჯერათ, რომ ფრენებს ნოემბრიდან აღადგენენ?

_ არავინ იცის, რას იზამენ. მათ სიტყვას ფასი არ აქვს. ფრენები მაშინ უნდა აღედგინათ და არ დაეხურათ ქუთაისში „ვიზეარი“, როდესაც დაბალი მონაცემები იყო და ევროპული ქვეყნებიც მწვანე იყო. მაშინ თქვეს უარი. ახლა, როდესაც ჩვენთანაც მაღალია მონაცემები და ევროპულ ქვეყნებშიც დაიძრა, ამბობენ, რომ რიგაში აღადგენენ ფრენას. ალოგიკურია. მაშინ უნდა აღედგინათ, როდესაც საჭირო იყო და არა მაშინ, როდესაც საფრთხეებია.

ნოემბრიდან აღადგენენ თუ არა, ეგ უკვე მათი საქმე აღარ იქნება. იმიტომ, რომ აღარ იქნებიან ხელისუფლებაში.