ორმაგი მკვლელობა ლარსში – რა მოხდა ქართველ მამაკაცს და რუსეთის მოქალაქე მამა-შვილს შორის

ორმაგი მკვლელობა ლარსში - რა მოხდა ქართველ მამაკაცს და რუსეთის მოქალაქე მამა-შვილს შორის14 სექტემბერს მკვლელობა მოხდა ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან – მოკლულია ორი ადამიანი.

ერთ-ერთი ვერსიით, მძიმე დანაშაულს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. მოკლულია ერთი საქართველოს და ერთიც – რუსეთის მოქალაქე.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე მამა-შვილს შელაპარაკება მოუვიდათ საქართველოს მოქალაქესთან, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იყო.

არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა დაჭრა რუსეთის მოქალაქე, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. მისმა შვილმა კი სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა საქართველოს მოქალაქეს.

მკვლელობის ბრალდებით 1980 წელს დაბადებული პირი ყაზბეგში დააკავეს.

მომხდარია შესახებ შსს-მ განცხადება გაავრცელა:

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1980 წელს დაბადებული ვ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ყაზბეგში დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, სასაზღვრო გამშვები პუნქტი “დარიალის” მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოშობილი კონფლიქტის დროს, დაკავებული ვ.გ.-ს მამას – 1956 წელს დაბადებულ ა.გ.-ს საქართველოსა და რუსეთის ორმაგმა მოქალაქემ, 1981 წელს დაბადებულმა ა. მ.-მ მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, რის შედეგადაც ა.გ გარდაიცვალა.
ამის შემდეგ, გარდაცვლილი ა.გ.-ს შვილმა – ვ.გ.-მ, შურისძიების მოტივით, ცივი იარაღისა და ბლაგვი საგნის გამოყენებით მრავლობითი დაზიანება მიაყენა ა.მ.-ს, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა.

პოლიციამ ვ.გ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით.