“ყოველდღე ცოცხლად გატყავებას როგორ უძლებს ის ტრაგიკული ოჯახი? სიკვდილის სამეფოში ასე რატომ იჭრებით?” – მზია ნოზაძის პოსტი

"ყოველდღე ცოცხლად გატყავებას როგორ უძლებს ის ტრაგიკული ოჯახი? სიკვდილის სამეფოში ასე რატომ იჭრებით?" - მზია ნოზაძის პოსტიმზია ნოზაძემ თამარ ბაჩალიაშვილის და მისი ოჯახის შესახებ ფეისბუქში ეს დაწერა:

“ვაჟი 5 წლის წინ დამეღუპა . უზარმაზარი ვიდეო არქივი მაქვს დაწყობილი კასეტებად, ბავშვობიდან მოყოლებული და დღემდე იმ კადრების ჩართვის უნარი არ მაქვს. იმდენად გამანადგურებელია, ერთხელაც ვერ შევძელი. თითქოს ჩვენი ოჯახის ბედნიერების ამსახველი არქივიც სიკვდილმა წაიღო, სიკვდილმა დაადო თავის აუტანელი თათი და რეალობას აღარ ეკუთვნის.

და ამ გაუთავებელ ჯოჯოხეთს, ყოველდღე ცოცხლად გატყავებას როგორ უძლებს ის ტრაგიკული ოჯახი? ან ჟურნალისტები როგორ უძლებთ? მშობლების საქმე წასულია, მაგრამ ის ბიჭი – ძმა ხომ უნდა გადარჩეს? ნორმალურ ცხოვრებას ხომ უნდა დაუბრუნდეს, ხომ უნდა გამოაღწიოს ამ უსაშველო კოშმარიდან როგორმე…

სუიციდით დაღუპულის ბოლო წერილი, ქაღალდის ციცქნა ნაგლეჯიც რომ იყოს, შავი, მძიმე მომაკვდინებელია მახვილია, რომელიც შიგ გულში გესობა და საათობით როგორ უსმენთ? როგორ ახერხებთ? როცა შიფრავთ, როცა ამონტაჟებთ, როცა სიკვდილის წყვდიადის სამეფოში ასე თავზეხელაღებულივით იჭრებით, გგონიათ, თქვენთვის სახიფათო არ არის, გგონიათ, ეს ყველაფერი თქვენ არ განგრევთ და რამე იმუნიტეტი დაგიცავთ? რატომ აბიჯებთ სუიციდის გაშუქების ყოველგვარ წესებს. რას ერჩით ხალხ ? რატომ გვძირავთ უსაშველო დეპრესიაში ყოველ დღე. ყველა არხი. უკვე ქრონიკულად. მოჯადოებულებივით.

დაშორდით ცხედრებს. გამოგლიჯეთ თავი საიქიოს. დაიცავით სიცოცხლისთვის აუცილებელი დისტანცია. საკუთარი თავი მაინც შეიბრალეთ .”