სომხეთი – “გავანადგურეთ აზერბაიჯანის 370 ჯარისკაცი, 22 ტანკი და 10 ჯავშანტექნიკა”

სომხეთი - "გავანადგურეთ აზერბაიჯანის 370 ჯარისკაცი, 22 ტანკი და 10 ჯავშანტექნიკა"სომხეთის მხარის ინფორმაციით, აზერბაიჯანმა ახალი ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო მდინარე არაქსის ხეობაში და თალიში-მატაგისის რაიონებში. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერ არცრუნ ჰოვანისიანზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამავე დროს, როგორც ჰოვანისიანმა აღნიშნა, ყარაბაღის თავდაცვის არმია წარმატებით იგერიებს მოწინააღმდეგის მხრიდან ყველა თავდასხმასა და თავდასხმის მცდელობას, რაც მათ მნიშვნელოვან დანაკარგებს აყენებს ცოცხალი ძალისა და ტექნიკის მიმართულებით.

„ამ დროისთვის განადგურებულია მტრის 22 ტანკი და 10 ერთეული სხვა ჯავშანტექნიკა. განადგურებულია 370-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე. მტერს დიდი რაოდენობით ჰყავს დაჭრილები. მიღებული ინფორმაციის თანახმად, მტრის მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცების რაოდენობა დაახლოებით 35% -ს შეადგენს“, – განაცხადა ჰოვანისიანმა.

ცნობისთვის, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება 27 სექტემბრის დილიდან კვლავ გამწვავდა. მხარეში მიმდინარეობს საომარი მოქმედებები.

იპნ