თამაზ მეჭიაურის მძღოლმა გიორგი ხუმარაშვილმა თავის ჩამოხრჩობა სცადა – მისი მდგომარეობა მძიმეა

თამაზ მეჭიაურის მძღოლმა გიორგი ხუმარაშვილმა თავის ჩამოხრჩობა სცადა - მისი მდგომარეობა მძიმეათამაზ მეჭიაურის მძღოლმა, 23 წლის გიორგი ხუმარაშვილმა თვითმკვლელობა სცადა.

შემთხვევის დეტალებზე „პრაიმტაიმთან“ ხუმარაშვილის დედა საუბრობს:

„თამაზ მეჭიაურის მძღოლი იყო ჩემი შვილი. ხევსურთსოფლის რწმუნებული, ზურა ბექაური მეჭიაურს მალულად დაუპირისპირდა. ამ ყველაფერს გიორგი ხედავდა და ვერაფერს ამბობდა.

შემდეგ ჩემს შვილსა და მას შორის ურთიერთობა დაიძაბა. იყო ცინიკური საუბარი, დამცირებები.

წუხელ ბექაური ჩვენთან მოვიდა. შეურაცხყოფა მიაყენა და სცემა ჩემი შვილი, ამანაც საპასუხო დაუბრუნა. შემდეგ როცა წავიდა, გიორგიმ თავის ჩამოხრჩობა სცადა“, – იხსენებს ახალგაზრდა კაცის დედა.

„გიო, მთავარია გადარჩე! მერე ყველას თავისი მიეზღვება!..“, – წერს თამაზ მეჭიაური სოციალურ ქსელში.

გიორგი ხუმარაშვილის დედის ბრალდებებს ხევსურთსოფლის რწმუნებული, ზურა ბექაური „პრაიმტაიმთან“ პასუხობს.

რწმუნებული ადასტურებს, რომ დაპირისპირება მასსა და გიორგის შორის მართლაც მოხდა, თუმცა მისთვის გაუგებარია, რატომ ადანაშაულებს დედა შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანაში. მისი განმარტებით, ოჯახთან ახლო ურთიერთობა აქვს.

„ეს ბრალდებები აბსურდია. დედამისი და მე კლასელები, ახლო მეგობრები ვართ, არ ვიც,ი ბრალს მე რატომ მდებს.

გიორგი იმ დღეს თვითონ დამიკავშირდა. უნდოდა ჩემი მანქანით თბილისში წამეყვანა. სანამ მივიდოდი, რამდენჯერმე დამირეკა. სახლს რომ მივუახლოვდი, კიდევ დამირეკა, ვუთხარი, რომ გამოსულიყო. რომ გამოვიდა, აგრესიული ტონი ჰქონდა – დამაგვიანე, საქმე გამიფუჭეო. არ ვიცოდი, ასეთი აუცილებელი საქმე თუ ჰქონდა. გადმოვიდა სიტყვიერ შეურაცხყოფაზე.

​მსგავსი შემთხვევა აქამდე მასთან არ მქონია. დედამისიც შეესწრო ჩვენს შელაპარაკებას და ჩემ მიმართ ხელით შეხებას. დედა შემაგინა, ამაზე რეაქცია არ მქონია, გაშეშებული ვიყავი, იწევდა ქვებით ჩემკენ და მოვიგერიე.

დედამისმაც სცადა მისი დამშვიდება, სახლში შეიყვანა. მე გავერიდე, ისე იყო გაღიზიანებული, რაღას წამოვიდოდა თბილისში. რაც მოხდა, ჩემთვის ძალიან შეურაცხმყოფელი იყო.

თვითმკვლელობის მცდელობას ვერაფერს ვუკავშირებ. სახლში რომ შევიდნენ, მერე რა მოხდა, არ ვიცი“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ზურაბ ბექაური.

ხევსურთსოფლის რწმუნებული თამაზ მეჭიაურთან ფარულ მტრობას უარყოფს და ამბობს, რომ მასთან ახლო ურთიერთობა აქვს.

„გიორგისთვის არასდროს მითხოვია ინფორმაცია. მისთვის ჩემი ავტომანქანა 1 კვირითაც კი მითხოვებია, რომ ესარგებლა. თამაზ მეჭიაურსაც ჩემთან ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს. ნათესაური კავშირი არ გვაქვს, თუმცა, ვთანამშრომლობთ.

როცა შევძლებ, საავადმყოფოშიც მივალ, მე მათთვის არაფერი დამიშავებია. გამოძიებასთან ვთანამშრომლობ. გიორგი არის ჩემი დისწული და იქნება ყოველთვის“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ ზურა ბექაური.

გიორგი ხუმარაშვილი ქირურგიის ეროვნულ ცენტრშია მოთავსებული. როგორც კლინიკაში გვეუბნებიან, მისი მდგომარეობა მძიმეა.

„კატასტროფის ბრიგადამ შემოიყვანა, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტშია მოთავსებული, მისი მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე“, – განმარტავენ კლინიკის პრესცენტრში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

პრაიმტაიმი