“ტყუილს ვერ ვიტყვი, კანდელაკების ოჯახი ერეკლეს მიმართ სულ ყურადღებას იჩენდა”

18 წლის ერეკლე თედლიაშვილი სამ თვეს ებრძოდა სიკვდილს. სამწუხაროდ, ის 12 სექტემბერს “ჯერარსის” კლინიკაში გარდაიცვალა. ახალგაზრდა 9 ივნისს გორში, სტალინის ქუჩაზე, რესტორან “ჯოსეფის” მიმდებარე ტერიტორიაზე მძიმედ დააშავეს. სამი თვის განმავლობაში მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ახალგაზრდის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. ამ საქმეზე სამართალდამცავებმა მსოფლიო ჩემპიონ გიორგი კანდელაკის ვაჟი, მოკრივე თარაშ კანდელაკი დააკავეს. სწორედ გიორგი კანდელაკია რესტორან “ჯოსეფის” მფლობელი. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ჩხუბში 20-მდე კაცი მონაწილეობდა, რაც შემდგომ
ახლომდებარე კორპუსთან გაგრძელდა. გამოძიების ცნობით, ნასვამმა თარაშ კანდელაკმა ერეკლე თედლიაშვილს სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება მიაყენა. ამიტომ ბრალი 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. სასჯელი 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გორის სასამართლომ 12 ივნისს კანდელაკს პატიმრობა შეუფარდა და ის ახლა ციხეშია. სასამართლო პროცესი
15 სექტემბერს არის დანიშნული. კანდელაკი აღმკვეთი­ ღონისძიების შეფარდებისას ბრალს არ აღიარებდა, ის დუმილის უფლებას იყენებდა. რა პოზიცია ექნება მას საქმის არსებითი განხილვის დროს, პროცესზე გაცხადდება.

ჩვენ დავუკავშირდით ერეკლე თედლიაშვილის ბიძაშვილს, ადვოკატ თამარ თედლიაშვილს, რომელიც საქმის გამოძიებაშია ჩართული. როგორც დაზარალებული­ ოჯახის წარმომადგენელს, მას პროკურატურა საქმის გამოძიებაზე ინფორმაციას აწვდის.

– ერეკლე უმძიმეს მდგომარეობაში იყო. ისე გარდაიცვალა, გონზე არ მოსულა. არადა, იმედს არ ვკარგავდით, რომ გადარჩებოდა. პირველი კურსის სტუდენტი იყო. ორ კვირაში 19 წლის გახდებოდა.

– რა მოხდა იმ დღეს? ცნობილია, რომ კანდელაკი არ აღიარებს დანაშაულს.
– ეს დაცვის სტრატეგიაა, რომ არ აღიაროს დანაშაული. ამბობდა, რომ არ ახსოვს, რა მოხდა. როგორც ვიცი, ბრალდებას სასამართლოში მტკიცებულებები აქვს წარდგენილი და 15 სექტემბერს წინასასამართლო სხდომა უნდა გაიმართოს. მძიმე სულიერი მდგომარეობის მიუხედავად, სასამართლო პროცესზე მივალ და მხარეების პოზიციას მოვისმენ. წინა სხდომა ექსპერტიზის დასკვნის გამო გადაიდო. პროკურატურაც ელოდებოდა, იქნებ ერეკლე­ გონზე მოსულიყო და ჩვენება მიეცა. წინასწარ ვერ ვიტყვი, გამოძიებას რა მტკიცებულებები ექნება. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ გავეცანით საქმის მასალებს. დაზარალებულ მხარეს მხოლოდ ეს შეგვიძლია.

კონფლიქტი რესტორ­ანში მოხდა და გაგრძელდა ახლომდებარე კორპუსთან, სადაც ვიდეოკამერები არ არის. მხოლოდ მოწმეები იყვნენ და ისინი ამბობენ, რომ ჩხუბი იყო.

– კანდელაკის ოჯახისგან ამ პერიოდში მხარდაჭერას გრძნობდით?
– ტყუილს ვერ ვიტყვი, კი, ყურადღებას იჩენდნენ.

– თარაშ კანდელაკი და ერეკლე მეგობრები იყვნენ?
– არა, ერთმანეთს არ იცნობდნენ. ერეკლეს თავის არეში უმძიმესი ტრავმა და დაზიანებები ჰქონდა. პირველივე ოპერაცია გორში ჩატარდა, შემდეგ “ჯერარსში” გადაიყვანეს საოპერაციოდ.
თარაშ კანდელაკი დანაშაულს რომ არ აღიარებს, მისი უფლებაა. არ ვიცი, ხვალ-ზეგ რა მოხდება. შესაძლოა შეუმსუბუქდეს სასჯელი, აღიაროს დანაშაული.

– კანდელაკის ადვოკატი ამბობს, რომ ერეკლეს გარდაცვალება მის პირველად ტრავ­მასთან არ არის დაკავშირებული… თვლის, რომ კანდელაკს ბრალი არ უნდა დაუმძიმდეს.
– ექსპერტიზა დანიშნულია და ყველაფერი გაირკვევა. რაც შეეხება ადვოკატს, ის ხომ არ იტყვის, რომ მისი დასაცავი პირი დამნაშავეა. ვადასტურებ, რომ ერეკლე სარეაბილიტაციოდ სხვა კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ მდგომარეობა დაუმძიმდა და ისევ გადმოიყვანეს. იმასაც გიდასტურებთ, რადგან საქმეზე გამოძიება დასრულებულია და არსებით განხილვაშია, კვალიფიკაციის შეცვლა ვერ მოხდება. გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო და რაც გაირკვევა, პროკურატურა იმის მიხედვით იმსჯელებს, წაუყენოს თუ არა ახალი ბრალი თარაშ კანდელაკს.

ლანა ცერცვაძე, თარაშ კანდელაკის ადვოკატი: – მიზეზობრივი კავშირი პირველად ტრავმასა და გარდაცვალებას შორის არ არსებობს. კლინიკიდან პაციენტი სხვა კლინიკაში სარეაბილიტაციოდ გაეწერა. სწორედ იქ დამძიმდა – მისი სიკვდილი ასფიქსიასა და შემდგომში განვითარებულ ჰიპოქსიასთან არის დაკავშირებული. ამის დამადასტურებელია როგორც სამედიცინო ისტორია, ასევე მოწმეთა ჩვენებები, ანუ სამედიცინო პუნქტიდან მიღებული ჩვენებები. გარდა ამისა, თარაშ კანდელაკის საქმე სასამართლოშია წარმართული და პროცესუალურად შეუძლებელია უკვე დასრულებულ საქმეზე ბრალის დამძიმება. არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებს, რომ ეს შედეგი პირველადი მდგომარეობის გამო დადგა.

– ერეკლე მიღებული ტრავმის შემდეგ გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა და ეს არ უკავშირდება მის ცემას?
– როცა პაციენტი გორიდან კლინიკა “ჯერარსში” გადაიყვანეს, მას ოპერაცია გაუკეთეს. მას შემდეგ დაიწყო დადებითი დინამიკა. გიდასტურებთ, რომ ვერბალური კომუნიკაცია არ შეეძლო, თუმცა ჟესტიკულაცია შეეძლო და მისი სასიცოცხლო ფუნქციები ნორმას შეესაბამებოდა. ამაზე ექიმის ჩვენებაც გვაქვს მოპოვებული. შემდგომ ერეკლე სარეაბილიტაციოდ სხვა კლინიკაში გადაიყვანეს და იქ დაეწყო ასფიქსია. პაციენტი დამძიმდა, თუმცა ექიმების დადანაშაულება არასერიოზული განაცხადი იქნება. შემდგომ ისევ “ჯერარსში” გადაიყვანეს და იქვე გარდაიცვალა. პირველად ტრავმასთან მდგომარეობის დამძიმება კავშირში არ არის. ამასთან, ჯერ ისიც არ ვიცით, ეს დანაშაული თარაშ კანდელაკმა ჩაიდინა თუ არა.

თეა ხურცილავა, კვირის პალიტრა