უმაყურებლო, მაგრამ სტუმართმოყვარე – პრემიერლიგა ეფექტურად დაიწყო

უმაყურებლო, მაგრამ სტუმართმოყვარე - პრემიერლიგა ეფექტურად დაიწყოკოტიკო გოგინაშვილი

12 სექტემბერს მსოფლიოს საუკეთესო ლიგა დაუბრუნდა ჩვენს ეკრანებს. ჩემს სტატიაში განვიხილავ ინგლისის პრემიერლიგის 2020/21 წლის პირველ ტურს.

ახალაღზევებული გუნდები vs პრემიერლიგის ელიტა

ინგლისის ჩემპიონატის საწყისმა ტურმა გვაჩუქა სამი საკმაოდ საინტერესო შეხვედრა, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, პრემიერლიგის ახალი გუნდები და ინგლისური ფეხბურთის წარმომადგენლები ევროთასებზე.

ფულემი 0-3 არსენალი

სასტარტო ტურის პირველი შეხვედრა გაიმართა ლონდონში კრეივენ კოტეჯზე. ფულემი დაუპირისპირდა თანაქალაქელ არსენალს.  შეხვედრა წარიმართა მიკელ არტეტას გუნდის უპირატესობით. მთელი თამაშის განმავლობაში მეთოფეები დომინირებდნენ, ფულემი ჰგავდა დაბნეულ ახალბედას, რომელსაც ოპონენტის დამარცხების წესიერი გეგმა არ ჰქონდა მოფიქრებული.

ფულემის ბოლო პრემიერლიგურ სეზონში, (2018/19) ლონდონელების დაცვის ცენტრი ძალიან სუსტად გამოიყურებოდა, როგორც ჩანს, ეს პრობლემა სკოტ პარკერმა დღემდე ვერ მოაგვარა და საჭიროა გუნდმა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე კარგი მცველი გაიფორმოს, რათა დაცვა აღარ იყოს აქილევსის ქუსლი.

წინა სეზონი მეთოფეებისთვის მაჟორულ ნოტზე დამთავრდა და ახალიც ოპტიმისტურად დაიწყო. ჩრდილო ლონდონელებმა ორი შეხვედრა ჩაატარეს და ერთი ტიტულის მოპოვება შეძლეს, ინგლისის სუპერთასის ფინალში არსენალმა პენალტების სერიაში სძლია ლივერპულს.

არტეტა აქცენტს აკეთებს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე ( ვილოკი, საკა, ნკეტია, მეიტლენდ ნაილზი) და ასევე ახალ შენაძენზე – ვილიანზე. პიერ ემერიკ ობამეანგიც დიდი ალბათობით გუნდის ძირითად შემტევი იქნება. ფულემის მსაგავსად არსენალსაც სჭირდება ახალი მცველი, რომელიც დაცვის პრობლემებს ერთხელ და სამუდამოდ მოაგვარებს.

პროგნოზი

ფულემი იბრძოლებს დარჩენისთვის.

არსენალი იბრძოლებს ოთხეულში მოსახვედრად.

ლივერპული 4-3 ლიდსი

ტურის ცენტრალური და ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა ენფილდზე გაიმართა. ერთგვარი პირველების დაპირისპირება ვიხილეთ ლივერპულის საშინაო არენაზე, რადგან ერთმანეთს შეხვდნენ პრემიერლიგის და ჩემფიონშიფის გამარჯვებულები.

მატჩის დაწყებამდე მე ამ თამაშს ვადარებდი, 2000-იანი წლების კოლორიტულ საფეხბურთო ინგლისს. ყველას ძალიან კარგად გვახსოვს ძველი ლიდსი – ხულიგნების გუნდი ( ალან სმიტი, ჰარი კიუელი, მარკ ვიდუკა, ლი ბოიერი და ხულიგანთა ბელადი – დევიდ ოლირი). ლიდსის დაპირისპირება პრემიერლიგის გრანდთან ყოველთვის რაღაც განსაკუთრებული იყო ელან როუდის გულშემატკივრებისთვის.  ლივერპულური საღამოც არ იყო გამონაკლისი. მარსელო ბიელსას შეგირდები მამაცი გულებივით ეკვეთნენ პრემიერლიგის საუკეთესო გუნდს და სამჯერ შეძლეს ალისონის კარის აღება. შეხვედრის ბედი გადაწყვიტა ცვლილებაზე შემოსული როდრიგოს უყურადღებო ქცევამ თავისივე საჯარიმოში, რასაც პენალტი მოჰყვა მელიეს კარში, რომელიც ძალიან ცივსისხლიანად შეასრულა სალაჰმა.

ლიდსის არყოფნა პრემიერლიგაში 16 წლის მანძილზე არის ამ გუნდის ხელმძღვანელობის უდიდესი სირცხვილი, რადგან ამ პერიოდის განმავლობაში ინგლისური ფეხბურთის გულშემატკივარმა თითქოს მიივიწყა იმ გუნდის არსებობა, რომელიც 2001 წელს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში თამაშობდა და გზაზე შეხვდა რეალს, ბარსელონას, მილანს, ლაციოს, დეპორტივოს. მხოლოდ ვალენსიამ შეაჩერა ახალგაზრდა ინგლისელი ძველი ბიჭების მოგზაურობა და ნეგატიური წერტილი დაუსვა ამ თითქოს ლამაზ ზღაპარს.

მარსელო ბიელასამ დააბრუნა პრემიერლიგა ელან როუდზე, ვნახოთ, ელ ლოკოს ხელმძღვანელობით თუ ვიხილავთ ახალ და ნაკლებად ბრუტალურ იუნაიტედს ევროსარბიელზე.

ლივერპულმა ჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ხოლო შემდეგ – ნანატრი პრემიერლიგა. მეტი რაღა გინდა. წესით, კლოპის ფეხბურთელებმა მოტივაცია უნდა დაკარგონ და წააგონ ახალი ჩემპიონატი 25 ქულით. ასე ვინც ფიქრობს, ის ან სრული იდიოტია ან წითლების ჰეითერი. კლოპი არ აკეთებს სერიოზულ ტრანსფერებს. ერთადერთი შენაძენი არის ბერძენი განაპირა მცველი კოსტას ციმიკასი, ხოლო ტიაგო ალკანტარას დაუსრულებელი საგა, სავარაუდოდ, მომავალ წლამდე შეიძლება გაგრძელდეს, რადგან მერსესაიდელთა ხელმძღვანელობამ ჯერ არ გაუკეთა წესიერი შეთავაზება რეკორდმაისტერებს. მაგრამ სჭირდება ასეთ ლივერპულს რომელიმე პოზიციაზე გაძლიერება?

ვფიქრობ, რომ თუ ვეინალდუმი დატოვებს ენფილდს და შეუერთდება ბარსელონას, წითლები მიიღებენ სასურველ თანხას, რითაც ისინი გაუკეთებენ შეთავაზებას ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულს.

პროგნოზი

ლიდსი პრემიერლიგაში დარჩება, შეიძლება ევროთასებისზონაშიც მოხვდეს.

ლივერპულის მიზანი იქნება პრემიერლიგის ტიტულის დაცვა, რასაც შეასრულებს.

ვესტ ბრომვიჩი 0-3 ლესტერი

პრემიერლიგაში დაბრუნებული გუნდებისთვის საწყისი ტური კატასტროფული გამოდგა. ახალბედებმა სასტარტო მატჩები დათმეს. მათ კამპანიას შეუერთდა ვესტ ბრომვიჩიც. ჰოტორნსზე ადგილობრივი გუნდი მასპინძლობდა ლესტერს. ვინც ამ შეხვედრას უყურა დამეთანხმება, რომ იადონების საშინაო არენის ტაბლოზე დაფიქსირებულმა ანგარიშმა იდეალურად ასახა თამაშის მიმდინარეობა.

სლავენ ბილიჩის გუნდი, ფულემის მსგავსად, ძალიან უსახურად გამოიყურებოდა, რის გამოც მიიღო სამი გოლი თავის კარში. ინგლისური ფეხბურთის გულშემატკივარმა მასპინძლების ძირითად შემადგენლობაში კირონ გიბზის და ჯეიკ ლივერმორის გარდა, ბევრი ახალი და უცნობი ფეხბურთელის სახელი და გვარი ამოიკითხა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ვესტ ბრომვიჩის სათადარიგოთა სკამი უფრო საინტერესოდ გამოიყურებოდა (ჩარლი ოსტინი, ანვარ ელ ღაზი, ჰალ რობსონ კანუ, კამილ გროსიცკი). ასე რომ, ხორვატმა მთლად სწორი შემადგენლობა არ დააყენა ლესტერთან.

რაც შეეხება ბრენდან როჯერსის კოლექტივს, მელიებმა ჩაატარეს მაღალი დონის შეხვედრა და დამსახურებული სამი ქულა მოიპოვეს. ლესტერი საკულტო გუნდია ინგლისური ფეხბურთისთვის, რომელ ადგილზე არ უნდა იყოს, იგი ყოველთვის მედიის ყურადღების ცენტრში იქნება, რადგან რამდენიმე წლის წინ მან რაღაც შეუძლებელი გააკეთა და აღმართა პრემიერლიგის თასი, ხოლო შარშან მთელი პირველი წრის განმავლობაში როჯერსის შეგირდები ლივერპულის მთავარი კონკურენტები იყვნენ.

სამწუხაროდ, მეორე წრის არასტაბილურმა თამაშმა და ტრავმებმა ლესტერი ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმა დატოვა და წელს მელიები მხოლოდ ევროპის ლიგაზე იასპარეზებენ.

ბენ ჩილველის წასვლის შემდეგ ლესტერს შეუერთდა, ბელგიელი მატია კასტანი, რომელმაც სადებიუტო შეხვედრაში შეძლო გოლის გატანა,  ჯეიმი ვარდის ორმა ზუსტად შესრულებულმა პენალტმა კი მატჩის ინტრიგა საბოლოოდ მოკლა.

პროგნოზი

ვესტ ბრომვიჩი მთავარი აუტსაიდერი იქნება.

ლესტერი სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში დამკვიდრდება.

თანაბარი დონის გუნდების დაპირისპირება

კრისტალ პალასი 1-0 საუთჰემპტონი

ერთადერთი გოლი სელჰერს პარკზე გაიტანა ვილფრედ ზაჰამ, რომლის შენარჩუნება პალასის ხელმძღვანელობისთვის დიდი მიღწევაა. მატჩი არწივების უპირატესობით წარიმართა და საბოლოო შედეგი ლოგიკურია. როი ჰოჯსონის კოლექტივი არის პრემიერლიგის მკვიდრი გუნდი, რომელიც, უამრავი სირთულის მიუხედავად, ინარჩუნებს ადგილს ინგლისის უმაღლეს დივიზიონში.

ერთი შეხედვით, შარშან, ლესტერთან 0-9-ის შემდეგ, საუთჰემპტონის თავკაცის რალფ ჰაზენჰუტლის დღეები დათვლილი იყო, მაგრამ წმინდანების ხელმძღვანელობამ კიდევ ერთი შანსი მისცა გერმანელს სატურნირო ცხრილის გამოსწორების და რალფმაც ყველაფერი შეცვალა, გუნდი ჭაობიდან ამოვიდა და არ გახდა ჩემფიონშიპის მონაწილე,

პროგნოზი

ორივე გუნდი სატურნირო ცხრილის შუა ნაწილის მეზობელი იქნება.

ვესთ ჰემი 0-2 ნიუკასლი

ლონდონ სტედიუმზე მრავალტანჯული დევიდ მოიესის ჩაქუჩებმა ორი უპასუხო გოლი მიიღეს თავის კარში და სეზონი დაიწყეს ნეგატიურად. აპტონ პარკის დანგრევის შემდეგ გუნდის საქმე რეგრესისკენ წავიდა. გავიხსენოთ აპტონ პარკის ბოლო სეზონი – ვესთ ჰემი მოხვდა ევროპის ლიგის ზონაში, საკუთარ მოედანზე ნებისმიერ მეტოქეს ამწარებდა, ჰყავდა კვალიფიცირებული მწვრთნელი სლავენ ბილიჩი, დაფრინავდა შემტევი ხაზი, რომლის ლიდერი იყო დიმიტრი პაიე.

ახლა ყველაფერი სხვაგვარად არის. თითქოს ლონდონელები ვერ შეეგუვნენ ახალ სტადიონს და ძველი საშინაო არენის მაგია სადღაც გაქრა. ვესთ ჰემი ხელთათმანებივით ცვლის მწვრთნელებს. დევიდ მოიესმა, ევერტონის გარდა, ვერსად დატოვა თავისი კვალი, აქედან გამომდინარე მის დანიშვნას ვესთ ჰემში მთლად სწორ გადაწყვეტილებას ვერ დავარქმევთ.

შარშან სტივ ბრიუსის დანიშვნამ ნიუკასლის მთავარი მწვრთნელის პოსტზე,დიდი პროტესტი გამოიწვია სენტ ჯეიმს პარკზე, რადგან ბრიუსი კაჭკაჭების მოსისხლე მტრის – სანდერლენდის თავკაცი იყო წლების წინ. თუმცა ნორმალურმა შარშანდელმა შედეგებმა და წლევანდელმა სატრანსფერო პოლიტიკამ თითქოს იმედები მისცა ნიუკასლის გულშემატკივრებს.  ვესთ ჰემის კარი კაჭკაჭების ორმა ახალწვეულმა აიღო – კალუმ ვილსონმა და ჯეფ ჰენდრიკმა.

პროგნოზი

ვესთ ჰემს პრემიერლიგაში დარჩენა გაუჭირდება.

ნიუკასლი თუ ასე ლაღად ითამაშებს, შესაძლო,ა მთავარი აღმოჩენაც გახდეს.

შეფილდ იუნაიტედი 0-2 ვულვერჰემპტონი

ბრამალ ლეინზე ვულვზმა რაულ ხიმენესის და რომან საისის გოლებით, მატჩის ინტრიგა უკვე მე- 6 წუთზე მოსპო. მგლები ორი წელი თამაშობენ პრემიერლიგის ელიტაში ძალიან სტაბილურად. ნუნუ ეშპირიტუ სანტუმ მოლინეუზე დანერგა ვულვზის პორტუგალიური დინასტია, რომელიც ეფექტურად ვითარდება და ყოველ წელს პროგრესირებს. 2018/19 წელს უონდერერსი დაბრუნდა პრემიერლიგაში და მაშინვე მოიპოვა საგზური ევროპის ლიგაზე. 2019/20- ში გუნდი გავიდა ევროპის ლიგის მეოთხედფინალში და დაიკავა მე-7 პოზიცია პრემიერლიგაში, მაგრამ არსენალის გამარჯვების გამო ინგლისის თასზე, ნუნუს გუნდმა ევროპის ლიგის საზური ვერ მოიპოვა.

ეს წინა სეზონების შედეგები იყო. ვნახოთ, რა იქნება წელს. მეტ დოჰერტის გარდა ვულვერჰემპტონმა ყველა ძირითადი ინსტრუმენტი შეინარჩუნა.

მგლების შარშანდელმა მეზობელმა შეფილდმა წინა სეზონის ძირითადი ბირთვი დაიტოვა, მაგრამ საგრძნობლად ვერ გაძლიერდა. იუნაიტედი ბარნლის მსგავსად არის ძველი ბრიტანული ფეხბურთის შემორჩენილი კოლორიტი. რომელიც ერთ ტრანსფერში არ ხარჯავს 80 მილიონს, მაგრამ აქცენტს აკეთებს თავის ფეხბურთელებზე და არა უცხოელებზე. სწორედ ამის გამო შესაძლოა კრის უაილდერის გუნდს გაუჭირდეს მეორე სეზონი მაღალ დონეზე თამაში.

პროგნოზი

შეფილდი და ვულვზი, სატურნირო ცხრილის სხვადასხვა პოლუსებზე დაამთავრებენ სეზონს. შეფილდი ქვედა პოლუსზე, ხოლო ვულვზი – ზემო პოლუსზე.

ტოტენჰემი 0-1 ევერტონი

კარლო ანჩელოტის მოსვლამ გააცოცხლა გუდისონ პარკი. ევერტონის ერთ-ერთმა გულშემატკივარმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პაპა კარლო ბოლოს მოუღებს ქალაქში ლივერპულის დომინირებას. ეს საქმე რამდენად გამოუვა იტალიელს, არ ვიცი, მაგრამ ის, რომ გამოცდილმა სპეციალისტმა, კანფეტები (ევერტონის მეტსახელი) უკეთესობისკენ შეცვალა, ფაქტია. როდესაც ანჩელოტიმ ევერტონის სამწვრთნელო პოსტზე მარკო სილვა შეცვალა, მერსისაიდელები გასავარდნ ზონაში იყვნენ, იტალიელის ხელმძღვანელობით კი მათ ჩემპიონატი დაამთავრეს მე- 12 ადგილზე.

ახალი სეზონი ლივერპულელებმა დაიწყეს წარმატებულად. უაით ჰარტ ლეინზე მოპოვებულმა სამმა ქულამ იმის იმედი იმედი უნდა მისცეს გულშემატკივრებს, რომ წლევანდელი სეზონი გუნდისთვის აქტივში ჩასაწერი იქნება. თან გუნდი გაძლიერდა.

პირველ ტურში ანჩელოტიმ სამი ახალწვეული დააყენა ძირითად შემადგენლობაში. ალანი, დუკურე და კანფეტების ყველაზე ხმაურიანი შენაძენი – ხამეს როდრიგესი, რომელმაც თანაგუნდელებს ხუთი სახიფათო  მომენტი შეუქმნა, რაც რეკორდია დებიუტანტისთვის. ევერტონი უკეთესად გამოიყურებოდა თავის ოპონენტზე და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. ერთადერთი გოლი დომენიკ კალვერტ ლიუინმა გაიტანა.

შარშანდელი სეზონი ,ალბათ, ბოლო წლების ყველაზე წარუმატებელი იყო დეზებისთვის. გუნდი ოთხეულის მიღმა დარჩა. რა თქმა უნდა, წაგებული  ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ შარშანდელი სეზონი ადვილი არ იქნებოდა გუნდისთვის და სტარტიც შესაბამისი გახლდათ, რის გამოც დენიელ ლევიმ სამწვრთნელო პოსტიდან გაათავისუფლა – მაურისიო პოჩეტინო- ადამიანი, რომელმაც თითქმის უტრანსფეროდ გაიყვანა გუნდი ტურნირის მთავარ მატჩში. მის მაგივრად მოიყვანეს ჟოზე მოურინიო.

ჩემი აზრით, პორტუგალიელის დანიშვნა სულელური გადაწყვეტილება იყო, თან სეზონის მიმდინარეობისას. მოურინიოს მუშაობის უკანასკნელი პერიოდი ბევრ კრიტიკას მოიცავდა (მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივრები დამეთანხმებიან) და ახლა ტოტენჰემში გატარებულ პირველ სეზონსაც დადებითს ვერ დავარქმევთ. კი შეიძლება იმაზე საუბარი, რომ ჟოზემ წინა სეზონში არ გაიარა სრულყოფილი მომზადება გუნდთან ერთად, მაგრამ შედეგებს თავი რომ დავანებოთ, დეზები ზოგიერთ შეხვედრებში ძალიან უნიათოდ გამოიყურებოდნენ, მაგალითად, ლაიფციგთან ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში.

ტოტენჰემმა შეიძინა ვულვზიდან მეტ დოჰერტი და ასევე სურს დაიმატოს რეგილონი, ბეილთან ერთად. ვნახოთ, შესაძლოა ეფექტურმა ტრანსფერებმა ჟოზე გუნდი სწორ გზაზე დააყენოს.

პროგნოზი

ჟოზე მოურინიოს დაითხოვენ და ტოტენჰემი ახალი მწვრთნელის იმედზე იქნება.

ევერტონი ეცდება, ოცნება აისრულოს და მოხვდეს ჩემპიონთა ლიგის ზონაში.

დაუსრულებელი ტურის დასკვნითი აქტი

ეს ტური დაუსრულებელი იმიტომ არის, რომ მანჩესტერულმა გუნდებმა თავიანთი შეხვედრები არ ჩაატარეს, რადგან ინგლისური გუნდებიდან ყველაზე გვიან მათ დაამთავრეს წინა სეზონი.

ბრაიტონი 1-3 ჩელსი

ამერიკან ექსპრეს სტედიუმზე ადამ ლალანათი გაძლიერებული ბრაიტონი დაუხვდა სატრანსფერო ფანჯრის ყველაზე აქტიურ გუნდს – ლონდონის ჩელსის.

ფრენკ ლამპარდმა თავისთვის ყველა საჭირო პროდუქტი იყიდა საფეხბურთო სუპერმარკეტში. ამიერიდან არისტოკრატების ღირსებას დაიცავენ ტიაგო სილვა, ბენ ჩილველი, დაკლან რაისი, კაი ჰავერთსი, ტიმო ვერნერი და ჰაკიმ ზიეჩი. სერიოზულია, არა?! სუპერ ფრენკის დიდი გეგმები აქვს წლევანდელ სეზონზე, მაგრამ იმ ფაქტსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ ამდენ ახალ ფეხბურთელს ადაპტირებისთვის დრო დასჭირდება. ზოგიერთები საერთოდ თავის პირველ სეზონს ატარებენ უცხო ჩემპიონატში ( ტიაგო სილვა, კაი ჰავერთსი, ტიმო ვერნერი და ჰაკიმ ზიეჩი).  საწყისი ტური პოზიტიური აღმოჩნდა ლურჯებისთვის. კომფორტული ორბურთიანი უპირატესობა, ტიმო ვერნერის მოპოვებული პენალტი, რის ჯეიმსის და კურტ ზუმას არასტანდარტული გოლები.

რაც შეეხება გრემ პოტერის კოლექტივს, თოლიებმა დიდი ხანია დაიმკვიდრეს ქვედა ნაწილის გუნდის სტატუსი და წელსაც იგივე ბედი ელის ბრაიტონს თუ, რა თქმა უნდა, ადამ ლალანა ფანტასტიკურ სეზონს არ ჩაატარებს და ინდივიდუალური ოსტატობით არ მოიგებს შეხვედრებს. მაშინ შესაძლოა თოლიებმა მაღალ პოზიციებზეც კი ამოყონ თავი.

პროგნოზი

ჩელსი ოთხეულში დამკვიდრდება. სტაბილური თამაშის შემთხვევაში ტიტულისთვისაც წაიბრძოლებს.

ბრაიტონი აქცენტს გააკეთებს თავისივე დონის გუნდებთან შეხვედრებბზე, რათა პრემიერლიგაში დარჩენის პრობლემები არ შეექმნას.

ვფიქრობ, რომ პირველი ტური ძალიან სტუმართმოყვარე და უკომპრომისო გამოვიდა. მხოლოდ ლივერპულმა და კრისტალ პალასმა მოიგეს საშინაო შეხვედრები, არცერთი ფრე არ ყოფილა. ასევე სასტარტო ტურმა სენსაციების გარეშე ჩაიარა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ინგლისის ჩემპიონატის მომდევნო ტურები ახალ- ახალ აღმოჩენებს გვაჩუქებს, ბევრ გოლს, სკანდალურ ეპიზოდებს, დ.ა.შ

დიდი იმედი მაქვს, რომ მაყურებლები სტადიონებს მალე დაუბრუნდებიან, პრემიერლიგის ცარიელი სტადიონების ყურებამ თავი მოგვაბეზრა. კი არის  ქომაგთა ხელოვნური ხმა, მაგრამ ბუნებრივი მხარდაჭერა სულ სხვაა. თან დარწმუნებული ვარ, სავსე ტრიბუნების ფონზე ფეხბურთელებიც დიდი შემართებით ითამაშებენ და მსოფლიოს საუკეთესო ლიგის თამაშებს განსაკუთრებულს გახდიან.