“2 კაცი იყო პოლიციელების ქუდებით, ბავშვისთვის საჩუქარი გვაქვსო” – წალკაში ძარცვის ახალი დეტალები

"2 კაცი იყო პოლიციელების ქუდებით, ბავშვისთვის საჩუქარი გვაქვსო" - წალკაში ძარცვის ახალი დეტალებიწალკაში ზელანდიელი ბიზნესმენ ჯონ ედვარ ფადნის ოჯახი დააყაჩაღეს.

ოჯახის წევრებს, მათ შორის მცირეწლოვან ბავშვებს ხელ-ფეხი შეუკრეს, დააბეს და ოჯახიდან ავტომანქანა, ფული, კომპიუტერი და ტელეფონები წაიღეს. წალკის მერის წარმომადგენელი მომხდარის შესახებ „ფორმულასთან“ ჰყვება.

„ოჯახი დააყაჩაღეს თეთრიწყაროს ტერიტორიაზე. უცხოელები არიან, ქმარი ახალ ზელანდიელი ბიზნესმენია – ჯონ ედვარ ფადნი. ცოლი ჩინეთის მოქალაქე. შვიდის ნახევრისკენ ორი კაცი შევიდა მათთან. შავებში ჩაცმულები იყვნენ, პოლიციის კეპები ეკეთათ და გაეცნენ წალკის პოლიციის წარმომადგენლებად. შემდეგ ამოიღეს იარაღი და მოსთხოვეს ფული. გაკოჭეს ბიზნესმენი, მისი ცოლი და შვილი. ბიზნესმენს წაართვეს მანქანა, ტელეფონები, ნოუთბუქი და 11.000 ლარი. ფიზიკურად არავინ დაშავებულა“, – განაცხადა ხაფავამ.

როგორც ზვიად ხაფავა ამბობს, უცხოელი ოჯახი სამი წელია, რაც წალკაში დასახლდა და მეურნეობა აქვთ.

თავად ბიზნესმენი ყაჩაღობის დეტალებს ასე იხსენებს:

„ორი პირი მოვიდა პოლიციის ქუდი ეხურათ, მითხრეს, რომ სახლში შემეპატიჟებინა, ბავშვისთვის საჩუქარი გვაქვსო. სახლში შევიპატიჟე საჩუქარი მაგიდაზე დადეს, იარაღი ამოიღეს, ხელები შემიკრეს და ფული წაიღეს“.

პრაიმ ტაიმი