ადვოკატი წულეისკირი – “ვალერიან ნემსიწვერიძეზე შურისძიება გამორიცხულია”

ადვოკატი წულეისკირი - "ვალერიან ნემსიწვერიძეზე შურისძიება გამორიცხულია"ავჭალაში მოკლული ვალერიან ნემსიწვერიძის ოჯახის ადვოკატის ნიკოლოზ წულეისკირის განცხადებით, გამოძიებას რამდენიმე დღეში შედეგი ექნება.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში წულეისკირი განმარტავს, მოკლულ მამაკაცს კრიმინალურ სამყაროსთან კავშირი არ ჰქონია და ის ბოლო წლების განმავლობაში „სულ სხვა ცხოვრებით ცხოვრობდა“. ადვოკატი ასევე გამორიცხავს შურისძიების ვერსიასაც. წულეისკირის თქმით, ის საქმეში მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო ჩაერთო, რომ საზოგადოებაში არასწორი ინფორმაცია არ გავრცელდეს.

„გუშინ გავრცელებული ვერსიები აბსოლუტურად გამორიცხულია. 100% -ით კმაყოფილი ვარ გამომძიებლების მუშაობით და ზუსტად ვიცი, რომ რამდენიმე დღეში შედეგი დაიდება. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ფაქტობრივ გარემოებებზე ვე ვისაუბრებ. ამ საქმეში ჩემი ჩართვა მხოლოდ და მხოლოდ იქიდან გამომდინარეობს, რომ ბევრი არასწრორი ინფორმაცია გავრცელდა. დაზუსტებით შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ სტრასბურგის გამამართლებელი გადაწყვეტილება არამხოლოდ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამო დადგა, არამედ, გადაწყვეტილებაში მითითებული იყო, რომ საქმესთვის უნდა გადაეხედათ, ვინაიდან ბრალდებულების ჩვენება წამების შედეგად იყო მიცემული.

ვალერიან ნემსიწვერიძე 8 წლის განმავლობაში გარეთ იმყოფებოდა და შურისძიება ვინმეს რომ სდომებოდა, აქამდე მოახდენდა. მისი პიროვნებიდან გამომდინარე, მას ჩხუბი, დაპირისპირება არავისთან ჰქონია. კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებული პირი არ ყოფილა, ეს დეზინფორმაციაა. როგორ წარმოგიდგენიათ, „ნაციონალების“ დროს, ციხის ბუნტში რაიმე სახით მონაწილეობა მიეღო და ბრალი არ წაეყენებინათ? ეს ხომ გამორიცხულია. ოჯახი შექმნა, სამი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, ოჯახის ბიზნესი ჰქონდა, დღედღეზე მაღაზიის გახსნასაც აპირებდა, ბოლოს სულ სხვა ცხოვრებით ცხოვრობდა. მხოლოდ იმის გამო, რომ ადამიანმა სასჯელი მოიხადა, კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაკავშირება არ შეიძლება. ეს ყველაფერი დაუზუსტებელი ფაქტია“, – აცხადებს წულეისკირი.

იპნ