აფგან მუხთარლი საქართველოში არ შემოუშვეს – ახალი სკანდალი

აფგან მუხთარლი საქართველოში არ შემოუშვეს - ახალი სკანდალიაზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოში ვერ ჩამოდის. სკანდალური საქმიდან სამი წლის შემდეგ, მუხთარლი საქართველოში ჩამოსვლას, დღეს გეგმავდა. მუხთარლის  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 18:00 საათზე ელოდებოდნენ, თუმცა გერმანიის აეროპორტში შეფერხება შეიქმნა.

გერმანიის აეროპორტში მუხთარლის, მისი ადვოკატის ცნობით, უთხრეს, რომ ის საქართველოში ვერ ჩამოვიდოდა კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების გამო.
“სანამ ჩასხდომა დაიწყებოდა, მანამ შეეძლოთ ეთქვათ ამ რეგულაციების შესახებ”, – ამბობს მუხთარლის ადვოკატი, არჩილ ჩოფიკაშვილი.
მისი თქმით, ჟურნალისტის საქართველოში ჩამოსვლა პროკურატურასთან ოფიციალურად ჰქონდა შეთანხმებული და პროკურატურა მუხთარლის დაკითხვას აპირებდა. მუხთარლიმ და მისმა ადვოკატმა, მხოლოდ დღეს, აეროპორტში მისვლისას გაარკვიეს, რომ რეგულაციები, რომელთა თანახმად, ჟურნალისტს საქართველოში არ უშვებენ,  7 ოქტომბრიდან ამოქმედდა.

აფგან მუხთარლის ცოლმა, ლეილა მუსტაფაევამ ფეისბუქში “ჯორჯიან ეარვეისის” თანამშრომლის, გიორგი ოკუჯავას ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც მუხთარლის პირადად ეკონტაქტებოდა. ოჯახი პრობლემების შექმნაში სწორედ მას ადანაშაულებს.

ფეისბუქში პოსტი აფგან მუხთარლიმაც დაწერა და თქვა, რომ ივანიშვილმა მისი საქართველოში შემოშვება ვერ გაბედა. მისი თქმით, ივანიშვილის ხელისუფლება მშიშარაა.

ფგან მუხთარლი თბილისის ცენტრიდან 2017 წლის მაისში გაიტაცეს და ბაქოს ციხეში გადაიყვანეს.  აზერბაიჯანელ ჟურნალისტს ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა, დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის გადატანა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებოდა. რისთვისაც, 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა სამი წლის შემდეგ გაათავისუფლეს და გერმანიაში ოჯახთან წასვლის უფლება მისცეს.

მთავარი