დუშეთში ნაირა გულბათაშვილის მკვლელობისთვის ზაქარია გულბათაშვილი დააკავეს

დუშეთში ნაირა გულბათაშვილის მკვლელობისთვის ზაქარია გულბათაშვილი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ზაქარია გულბათაშვილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს, ბრალდებულმა დუშეთის რაიონის სოფელ პავლეურში, 1961 წელს დაბადებულ ნაირა გულბათაშვილს, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მერის წარმომადგენელმა ანანურის თემში გენადი გულბათაშვილმა კვირის პალიტრას უთხრა:

– მოკლული ნაირა გულბათაშვილი ჩემი ბიძაშვილი იყო და ვინც მოკლა, ისიც ჩემი ბიძაშვილია. ბიჭს ფსიქიკური პრობლემები აქვს, 25 წლის არის, იწვა ფსიქიატრიულშიც რამდენიმე წლის წინ. ნასამართლევიც არის ქურდობაზე, ციხეშიც იჯდა. ნაირა 60 წლის იყო, ძალიან კარგი ადამიანი. მშრომელი, ოჯახზე და შვილებზე მზრუნველი. მეუღლე სამი წლის წინ გარდაეცვალა და სოფელში დედამთილთან ერთად ცხოვრობდა. ერთადერთი, 19 წლის შვილი ჰყავს, რომელიც თბილისში მუშაობს და ბებია შვილიშვილთან იყო წასული. სახლში მარტო იყო. ნაირა რესტორანში მუშაობდა და გვიან ბრუნდებოდა სახლში. ეტყობა ზაქარია იქ ბინის გასაქურდად შევიდა. ფანჯრიდან არის გადასული და ისეა სახლში შესული და როგორც ჩანს, სახლში ნაირა რომ დახვდა-იცნო, ალბათ ამიტომ მოკლა.

_ ქალი საშინლად ნაწამებიაო და ამას ადასტურებთ?
– 6 ოქტომბერს, ღამის საათებში ჰყავს მოკლული და ამის შემდეგ იქაურობა დატოვა. მეორე დღეს დაურეკავს ზაქარიას თავისი ძმისთვის და უთქვამს, მგონი ნაირა მოვკალი, ადი მის სახლში და ნახეო. ძმა, გიგა მეზობლის ბიჭთან ერთად წასულა ნაირას სახლში და იქ შესულებს უმძიმესი სურათი დახვდათ. ნაწამებია საწყალი ქალი, სავარაუდოდ დაახრჩო, სხეულზე ძალადობის და წამების კვალი ეტყობაო.