ევროპის 193 აეროპორტს გაკოტრება ემუქრება

ევროპის 193 აეროპორტს გაკოტრება ემუქრებაევროპის 193 აეროპორტი უახლოეს თვეებში გაკოტრების საფრთხის წინაშე აღმოჩნდება, თუკი მგზავრების მიმოსვლა წლის ბოლოდან აღდგენას არ დაიწყებს, – ამის შესახებ ევროპის აეროპორტების საერთაშორისო საბჭო (ACI Europe) აცხადებს.

ორგანიზაციის განმარტებით, გაკოტრების რისკის ქვეშ მყოფი აეროპორტები ხელს უწყობენ ეკონომიკურ საქმიანობას, რომელიც 277.000 სამუშაო ადგილსა და ევროპის მთლიან შიდა პროდუქტში 12.4 მილიარდ ევროს ქმნის.

ევროპის აეროპორტების საერთაშორისო საბჭოში აცხადებენ, რომ რისკის ქვეშ მყოფი აეროპორტები, ძირითადად, შედარებით მცირე რეგიონალური აეროპორტებია, რომლებსაც ყოველწლიურად 5 მილიონზე ნაკლები მგზავრი გადაჰყავთ და მათი დახურვა ადგილობრივ სამუშაო ადგილებს შეამცირებს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ფულად სახსრებთან დაკავშირებით არამდგრად მდგომარეობაში არიან უფრო დიდი ევროპული აეროპორტებიც.

ევროპის აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს მონაცემებით, ევროპულ აეროპორტებში მგზავრების მიმოსვლა მიმდინარე წლის სექტემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 73%-ით შემცირდა, რაც, დაახლოებით, 172.5 მილიონი მგზავრის დაკარგვას ნიშნავს. 2020 წლის იანვრიდან დღემდე კი აეროპორტებმა 1.29 მილიარდი მგზავრი დაკარგეს.

იპნ