დღეს საღამოს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატანში ვენახში ჭურვი ჩამოვარდა.
‘მთავარ არხთან” ადგილობრივი ამბობს, რომ აფეთქების ხმა იყო. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.
კახეთში ჭურვის ჩამოვარდნის შემდეგ, “მთავარმა” გაარკვია, რომ სასაზღვრო სოფელ უდაბნოში გაურკვეველი საფრენი აპარატის ნამსხვრევები ჩამოვარდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ნამსხვრევები დრონის ძრავს ჰგავს, თუმცა, შესაძლოა, პატარა ზომის სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატისაც იყოს.
შსს ადასტურებს კახეთში ორი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნას. უწყების ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს მიმდებარე ტერიტორიებზე უპილოტო საფრენი ორი აპარატის ჩამოვარდნის შესახებ შეტყობინება მიმდინარე წელს 7 ოქტომბერს, დაახლოებით 18:35 და 18:45 წუთებზე შემოვიდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
შემთხვევის ორივე ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული, ექსპერტ-კრიმინალისტები ატარებენ შესაბამის ღონისძიებებს, – წერია განცხადებაში.

