ლევან ჩაჩუა – “ქოცტროლები ნაციონალების ქებას მაბრალებდნენ”

ლევან ჩაჩუა - "ქოცტროლები ნაციონალების ქებას მაბრალებდნენ"„ახალი თაობა“ მოძრაობა „ქართული იდეის“ ლიდერ ლევან ჩაჩუას ესაუბრა.

– წინასაარჩევნოდ რა ხდება პოლიტიკაში?

– რა უნდა ხდებოდეს! დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალები ყველანაირად დაბლოკილი ვართ. ტელეგადაცემებში ერთმანეთს ეჩხუბებიან ვითომ ერთმანეთთან დაპირისპირებული პარტიები. ამ დროს თითქმის ყველას ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს. ივანიშვილი ოპოზიციიდან ატივტივებს ოდიოზურ ადამიანებს. ისინი დაკავშირებული არიან ძველ ძირგამომპალ რეჟიმთან, რომელიც შევარდნაძემ შექმნა, შემდეგ კი სააკაშვილმა გადმოიბარა. ივანიშვილი ხალხს უმტკიცებს, რომ ოპოზიცია ოდიოზურია და მას „ქართული ოცნება“ სჯობია. მან პარტია ჩააბარა თალაკვაძეს, კობახიძესა და მდინარაძეს. ეს სამეული, მისი გათვლით, გადახალისებული „ქართული ოცნებაა“. ამ სამეულს მცირე გამოცდილებაც დაუგროვდა და თან შედარებით ახალიცაა. ხალხი ამ სამეულს „ნორჩ სოროსელებს“ ეძახის. მმართველ პარტიას კადრები არ ჰყოფნის.

– რატომ ფიქრობთ ასე?

– კადრები რომ ჰყავდეს, ზაურ დარგალს დაასახელებდა მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად?! როცა „ახალ თაობასთან“ წინა ინტერვიუში ვთქვი, რომ ნაციონალური მოძრაობა თავის კანდიდატებს უფრო სწორად და ცბიერად არჩევს, დიდი შეტევები დამატყდა. თავს დამესხნენ უვიცი ქოცტროლები. ისინი ჩემს ციტატებს ავრცელებდნენ და ნაცმოძრაობის ქებას მაბრალებდნენ.

– თქვენ გაბრალებდნენ ნაციონალების ქებას?

– აბსურდია, ნაციონალებთან კავშირი დააბრალო კაცს, რომელიც არაფრის გამო დააპატიმრა სააკაშვილის რეჟიმმა. პარლამენტის მიერ აღიარებული და გათავისუფლებული პოლიტპატიმარი  ვარ. სხვებივით იმედი მქონდა, რომ „ოცნება“ დაამყარებდა სამართლიანობას. ამის მაგივრად დამნაშავეები ან არ დასაჯეს, ან დააწინაურეს, ან ციხიდან გამოუშვეს. „ქართულმა ოცნებამ“ დამნაშავეები გააპარპაშა. ჩემი ადვოკატი იყო მანანა კობახიძე, რომელიც რამდენიმეჯერ დაწინაურდა, პროკურორი გიორგი მიქაია, რომელიც ასევე დააწინაურეს. მე და სხვებსაც გვინდოდა სისტემის შეცვლა. სისტემა არ იცვლება.

მარიკა მჭედლიშვილი, ახალი თაობა