“ლუკა სირაძეს თავი არ მოუკლავს, ის შეიძლება შემთხვევით გადმოვარდნილიყო” – რას ამბობს გაგი მოსიაშვილი

"ლუკა სირაძეს თავი არ მოუკლავს, ის შეიძლება შემთხვევით გადმოვარდნილიყო" - რას ამბობს გაგი მოსიაშვილიგარდაცვლილი ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის ადვოკატის გაგი მოსიაშვილის განცხადებით, ლუკა სირაძეს თავი არ მოუკლავს, არამედ ის იმ პერიოდში ნარკოტიკული ზემოქმედებების ქვეშ იმყოფებოდა, რაც ექსპერტიზით დადასტურდა. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ლუკა სირაძე გადმოვარდნილიყო.

“ლუკა სირაძეს, რომელიც პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა, სატელეფონო საუბარი ჰქონდა საკუთარ ძმასთან და ძმა განმარტავს, რომ ის ტელეფონით ეჩხუბა. ფაქტია ის, რომ ელიკო ჩხიტუნიძეს, ანუ ლუკა სირაძის დედას გარკვეული სახის კონფლიქტი მოუვიდა პოლიციის განყოფილებაში, რაზეც მარიანა ჩოლოიანს ადეკვატური რეაქცია ჰქონდა. თავად დედას გარდაცვლილთან კონფლიქტური, დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა და მან ნიკაპშიც კი გაარტყა, რადგან უზრდელობდა.

გარდაცვლილ ახალგაზრდას, როდესაც მრავალკორპუსიანი საცხოვრებელი ადგილიდან გადმოვარდა, სისხლზე ჩაყტარდა ექსპერტიზა და დადგინდა, რომ იგი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყო.

იყო გარკვეული სახის დისკრიმინაცია სწორედ დედის მხრიდან გარდაცვლილი ახალგაზრდის მიმართ, ვინაიდან მას არაერთხელ უთქვამს და ამას მოწმეებიც ადასტურებენ, რომ ერთი შვილით ძალიან კმაყოფილი იყო, საუბარია მის უფროს შვილზე, ბექა სირაძეზე, რომ ის წარმატებული იყო, ხოლო მისი პატარა შვილი, ლუკა სირაძე ყოველთვის პრობლემებს უქმნიდა“,-განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

მისი თქმით, ლუკა სირაძეს თავი არ მოუკლავს.

“ის იმ პერიოდში იმყოფებოდა ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ, არ არის გამორიცხული, რომ გადმოვარდნილიყო. ამასთან დაკავშირებით არც საგამოძიებო უწყებები არ დაინტერესებულან და არც ამაზე საუბრობს ვინმე“,-განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

იპნ