მამუკა ტუსკაძე – “რუსთავში გამომძიებელმა მთელი დღე მაშიმშილა”

მამუკა ტუსკაძე - "რუსთავში გამომძიებელმა მთელი დღე მაშიმშილა"13 ოქტომბერს პოლიტიკური მოძრაობა “სოციალური სამართლიანობისთვის” ლიდერი, უფლებადამცველი მამუკა ტუსკაძე რუსთავის პროკურატურაში 12 საათი გააჩერეს. ამის შესახებ ის “ახალ თაობასთან” საუბრობს:

– ის, რაზეც მკითხავდნენ, სამოქალაქო დავის საგანია. შესაბამისად, საქმე არც უნდა აღძრულიყო და გამოძიება არ უნდა დაწყებულიყო, მაგრამ მაინც დაიწყო.

არაფრით არ შეიძლება დილის 10-ის ნახევრიდან, საღამოს 9 საათამდე, ანუ 8 საათზე მეტი ხნის მანძილზე გაგრძელებულიყო ჩემი დაკითხვა, მთელი დღის განმავლობაში მშიერ-მწყურვალი ვიყავი.

გამომძიებელიც იგივე პირობებში იყო, მაგრამ ისიც ვერ გადიოდა. ბევრჯერ ვთხოვე, დაკითხვა შემდგომში გაგვეგრძელებინა, მაგრამ ვითარება არ შეცვლილა.

– რუსთავის პროკურატურა რაში გედავებოდათ?

– რუსთავის მესამე განყოფილება და მისი ხელმძღვანელობა ჯერ ჩემს დაშანტაჟებას ცდილობდა. ამის შესახებ ვიდეომასალას მომავალში გავავრცელებ, როგორ ცდილობდა ჩემს დაშანტაჟებას და როგორ მემუქრებოდა. 13 ოქტომბერს ეს გაგრძელდა, გამომძიებელმა ამომრჩეველთან შეხვედრა ჩამიშალა და მთელი დღე მაშიმშილა.

– საქმე რატომ აღძრეს?

– სრულიად აბსურდული ბრალით მოხდა საქმის აღძვრა. სამოქალაქო დავის საგანი, რეალურად, თავისი ჭკუით სისხლის სამართლის დავის საგანში გადაიყვანეს.

საუბარი ეხება ერთ-ერთ ამხანაგობაში ჩემს წილს, რომლითაც უნდა მომხდარიყო ჩემი საარჩევნო კამპანიის დაფინანსება. ამის გამო ამხანაგობის სხვა წევრს საჩივარი შეატანინეს, სამოქალაქო დავის მაგივრად, სისხლი შემოიტანეს. ეს ყველაფერი იყო ხელოვნურად დადგმული.

გულიკო ბალაძე, ახალი თაობა