ლაშა შენგელია, რომელიც ერთ-ერთია იმ 4 მძევლიდან, რომლებთან ერთადაც „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა ბანკის ტერიტორია პოლიციის ავტომობილით დატოვა, აცხადებს, რომ თავდამსხმელმა არ იცოდა, სად წასულიყო.
შენგელია მომხდარის დეტალებს „კურიერთან“ იხსენებს.
„მე სადაც გეტყვით იქ წადითო, თუ არადა გავხსნი ხელყუმბარასო, ხელში ეჭირა და იცვლიდა, ხელიდან ხელში გადაჰქონდა. თვითონაც კონკრეტულად არ იცოდა, სად წასულიყო. ერთხელ გვითხრა, წადით წალენჯიხისკენო, წავედით, მერე იქით გადავუხვიეთ – გადმოვუხვიეთ. აკვირდებოდა, ვინმე მოსდევდა თუ არა უკან ამას, მაგრამ ბატონი ავთო გალდავა პირდებოდა, ყველანაირად ეცადა, დაერწმუნებინა ეს კაცი, რომ არ მოსდევდა არავინ. ბოლოს ჩავიდა ეს კაცი, დაიბარა, რომ მიბრძანდით მანქანით, მე აქ ვიქნები, ერთი გამოიხედავთ ან რამე და გესვრითო“, – აღნიშნავს შენგელია.
მისივე თქმით, ბანკიდან წამოსვლამდე თავდამსხმელმა მძევლებს თავად მისცა არჩევანის გაკეთების საშუალება, თუ ვინ წავიდოდა მასთან ერთად.
„ბატონმა ავთომ ძალიან განმუხტა სიტუაცია. მაგან (თავდამსხმელმა) თვითონ გვითხრა, ვინ მოდიხართ ჩვენთანო. ბატონი ავთოს გარდა უნდა ყოფილიყო კიდევ სამი მძევალი და ჩვენ თვითონ გამოვხატეთ სურვილი, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა იყვნენ ქალები, შეგვბოჭა და ისე ჩაგვსვა მანქანაში. საჭესთან ერთ-ერთი მძევალი იჯდა, მე გვერდით მომიჯდა, ერთი მძევალი გვერდით მეჯდა და იმის გვერდით იჯდა ბატონო ავთო“, – იხსენებს შენგელია.
მისივე თქმით, თავდამსხმელი ბანკში ყველანაირად ცდილობდა, კვალი არ დაეტოვებინა.
„სიგარეტის მოწევის ნებასაც გვრთავდა, კარებთან დავდგებოდით, იქ ვეწეოდით და რომ ვკითხე, სიგარეტს არ ეწევითქო?- კიო, მაგრამ ახლა მე აქ არ შემიძლიაო. ანუ ყველანაირად იცავდა იმ ზომებს, რომ რაიმე კვალი არ დაეტოვებინა“, – აღნიშნავს შენგელია.
იპნ

