“მელაშვილის და ილიჩოვას რუკით ჩიჩხიტურის, უდაბნოს და ბელჩუმის მონასტრები საქართველოს შემადგენლობაშია”

"მელაშვილის და ილიჩოვას რუკით ჩიჩხიტურის, უდაბნოს და ბელჩუმის მონასტრები საქართველოს შემადგენლობაშია"ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიერ მომზადებული 50 000-იანი მასშტაბის რუკა არათუ დავით გარეჯის კომპლექსში მდებარე ჩიჩხიტურის ან უდაბნოს მონასტერს, არამედ ბელჩუმის მონასტერსაც კი საქართველოს შემადგენლობაში აქცევდა, – ამის შესახებ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელმა, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას უფლებადამცველმა გიორგი მშვენიერაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.

მისივე თქმით, 200 000-იანი მასშტაბის რუკას, რომელზეც გამოძიება აპელირებს, არც სამართლებრივი და არც კარტოგრაფიული ღირებულა არ გააჩნია.

,,საქმის მასალები, რომელიც უკვე მომზადებული ჰქონდა პროკურატურას ბრალდების წარდგენისათვის, შეიცავს ძალიან ბევრ მტკიცებულებას, რომელიც ცალსახად ადასტურებს ბრალდებულთა უდანაშაულობას. ბატონი მელაშვილისა და ქალბატონი ნატალიას მიერ მომზადებული 50 000-იანი მასშტაბის რუკა არათუ დავით გარეჯის კომპლექსში მდებარე ჩიჩხიტურის, ან უდაბნოს მონასტერს არამედ, ბელჩუმის მონასტერსაც კი საქართველოს შემადგენლობაში აქცევდა. ამიტომ, ეს მითი და კამპანია, რომელსაც ხელისუფლება აწარმოებს, თითქოს ბატონი ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ხელს უწყობდნენ საქართველოს ტერიტორიების დაკარგვას, არის უბრალოდ ტყუილი.

ჩვენი სახელმწიფოს პოზიცია აზერბაიჯანთან წარდგენილი რუკით არის, რომ როგორც ბელთუბანი, ასევე ჩიჩხიტური და უდაბნოს მონასტერი უნდა იყოს საქართველოს შემადგენლობაში, ეს რუკები სწორედ ბრალდებულების მიერ არის მომზადებული. თავდაპირველად გამოძიება აპელირებდა 200 000-იან რუკებზე, რომლებსაც ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს და ხარვეზიანია, აქვს აცდენები რეალურ წერტილებთან. ხელმოწერილი და შეთანხმებული რუკა არის მხოლოდ 500 000-იანი მასშტაბის. გამოძიების მიერ წარმოდგენილ რუკას არც სამართლებრივი და არც კარტოგრაფიული ღირებულება არ გააჩნია“, – აღნიშნა გიორგი მშვენიერაძემ.

იპნ