მილანსა და რომში კომენდანტის საათი დაწესდა

მილანსა და რომში კომენდანტის საათი დაწესდაიტალიის ჩრდილოეთ რეგიონის – ლომბარდიის (მილანი) ხელისუფლებამ კომენდანტის საათი შემოიღო, 23:00 საათიდან დილის 5 საათამდე. დროის ამ მონაკვეთში გადაადგილება ნებადართულია მხოლოდ იმ მოქალაქეებისთვის თვითსერტიფიკატის საფუძველზე, რომლებისთვისაც ეს აუცილებლობას წარმოადგენს. სხვა შემთხვევაში დამრღვევს 3000 ევრომდე ჯარიმა დაეკისრება.

კომენდანტის საათის რეჟიმი რეგიონში 22 ოქტომბერს დაიწყო და 13 ნოემბრამდე გაგრძელდება. შესაბამის დადგენილებას უკვე მოაწერეს ხელი იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანცამ და ლომბარდიის რეგიონის პრეზიდენტმა ატილიო ფონტანამ.

21 ოქტომბერს ლომბარდიის რეგიონში (ისევე, როგორც მთელ იტალიაში – 15 199) კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა – 4125 ახალი შემთხვევა.

ინფექცია მკვეთრად იზრდება მილანში (მილანის პროვინციაში – 1858, აქედან საკუთრივ ქალაქ მილანში – 753), კონკრეტულად კი – მონცისა და ბრიანცის პროვინციებში, სადაც 21 ოქტომბერს ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობამ 671 შეადგინა (წინა დღეს – 123 ანუ თითქმის 5,5-ჯერ გაიზარდა).

„დროებითი სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც მილანის და ბერგამოს ბაზრობების პავილიონებში შეიქმნა, უახლოეს დღეებში ისევ გაიხსნება და ლომბარდიის ჯანდაცვის სისტემას ინტენსიური თერაპიის 201 საწოლით უზრუნველყოფს“, – ამის შესახებ საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ლომბარდიის პრეზიდენტმა ატილიო ფონტანამ გაავრცელა ინფორმაცია.

დადგენილება კომენდანტის საათის შემოღებაზე უკვე ხელმოწერილია ლაციოშიც (რომი), სადაც ახალი წესები 23 ოქტომბრიდან, პარასკევიდან ამოქმედდება და მოქალაქეთა გადაადგილება 24:00 საათიდან დილის 5 საათამდე შეიზღუდება.

ნოსტალ.ჯი