ნოდარ ხორბალაძე – “ჩემსა და ივერი მელაშვილს შორის საუბარი დაიძაბა” – ახალი ჩვენებები

ნოდარ ხორბალაძე - "ჩემსა და ივერი მელაშვილს შორის საუბარი დაიძაბა" - ახალი ჩვენებებიახალი ჩვენებები და შეუსაბამობები გარეჯის საქმის მასალებიდან – ირმა გაბუნია, რომელმაც სადემარკაციო კომისიაში 2019 წელს ნატალია ილიჩოვა შეცვალა, ჩვენებაში ყვება, რომ მისი წინამორბედისგან გადაიბარა რუკები და შეინახა სეიფში, რომელიც იმავე ოთახში დგას, სადაც ილიჩოვა მუშაობდა.

“მას შემდეგ, რაც მოხდა კომისიაში ნატალია ილიჩოვას ჩემით ჩანაცვლება, მან გადმომცა საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და რუკები, აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე სახის მიღება-ჩაბარების ან სხვა რამე წერილობითი აქტი არ შედგენილა, უბრალოდ მითხრა, რომ ეს იყო მის ხელთ არსებული მასალები და ვინაიდან ვიყავი კომისიის წევრი, მქონოდა მე. გადმოცემული მასალები შევინახე სამუშაო ოთახში განთავსებულ რკინის სეიფში, რომელსაც ვიყენებდით მე და ნატალია ილიჩოვა.

აღნიშნული დედანი რუკები 2019 წლის მაისის შემდეგ, ზუსტ თარიღს ვერ ვიხსენებ, გადმომცა ნატალია ილიჩოვამ, სამსახურში ჩვენს სამუშაო ოთახში. ხოლო რაც შეეხება 1937 წლის გამოცემა რუკის ასლი ნომერკლატურით K-38 XXII – არ ვიცი ნატალია ილიჩოვამ გადმომცა, თუ მე მივიღე ურთიერთგაცვლისას, როგორც კომისიის წევრმა, სხვა კომისიის წევრებისგან, არ ვიცი აქვს თუ არა დედანი და არც ის ვიცი თუ ვინ შეიძლება იცოდეს აღნიშნულის შესახებ”, – წერს ჩვენებაში ირმა გაბუნია
გასაჯაროვდა ნოდარ ხორბალაძის ჩვენებაც.

ხორბალაძე ასევე კომისიის წევრი და თავდაცვის ძალების წარმომადგენელია. ის ჩვენებაში ყვება, რომ ერთ-ერთ შეხვედრაზე კომისიის წევრებთან ერთად იმყოფებოდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი მინდია ჯანელიძეც. ხორბალაძის თქმით, მათ ივერი მელაშვილთან მცირე კამათიც მოუვიდათ.

“მე წარმოვადგინე ჩემ მიერ მოძიებული რუკები, ასევე კრიზისების საბჭოს მიერ მოძიებული რუკა. ივერი მელაშვილმა აღნიშნა, რომ წარდგენილი რუკები არ უნდა ყოფილიყო სახელმძღვანელოდ გამოსაყენებელი აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრის საკითხებზე მსჯელობისას, თუმცა თავისი აზრის გასამყარებლად ვერცერთი არგუმენტი ვერ მოჰყავდა.

საუბარი ჩემსა და ივერი მელაშვილს შორის დაიძაბა და დავით ჯალაღონია ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას” – წერს ჩვენებაში ნოდარ ხორბალაძე
ნატალია ილიჩოვას ადვოკატი ადასტურებს, რომ დავით გარეჯის ყველა საბუთი და რუკა მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა ირმა გაბუნიას გადასცა და დოკუმენტაციაც სწორედ გაბუნიასგან ამოიღეს და არა ილიჩოვასგან.

მთავარი