“საფრანგეთმა ტერორისტების ორგანიზატორობის განაჩენი გამოგიტანაო” – ნუგზარ კუჭავა ნორვეგიაში დააკავეს

"საფრანგეთმა ტერორისტების ორგანიზატორობის განაჩენი გამოგიტანაო" - ნუგზარ კუჭავა ნორვეგიაში დააკავესფბ გვერდზე “დაიცავი ემიგრანტი” გამოქვეყნდა იურისტ ავთანდილ კუჭავას წერილი, რომელიც მამამისის, ნუგზარ კუჭავას, ნორვეგიაში დაპატიმრებას ეხება:

“ნუგზარ კუჭავა დააკავეს ნორვეგიაში 2020 წლის 1 სექტემბერს (ჩვენი ინფორმაციით). 2010 წელს საფრანგეთის სასამართლომ ტერორისტული დაჯგუფების ორგანიზატორობის ბრალდებით განაჩენი გამოგიტანაო (საფრანგეთში მამაჩემი 2013 წელსაც იყო და 10 წელია ევროპაშია, პოლონეთის ბინადრობის ნებართვაც აქვს).
1 თვეა თურმე ციხეში ჰყავთ ნორვეგიელებს. გუშინწინ გავიგეთ. 2 პროცესი ჩაუტარეს, არც თარჯიმანი მიუყვანეს, ადვოკატი ორჯერ შეუცვალეს (რადგან პირველმა ადვოკატმა დაცვა სცადა) და არც შეატყობინეს ამ ცვლილების შესახებ, სასამართლოზე არც უსმენენ თავისით აკეთებენ რაღაცებსო.
1 თვეა ვეძებთ. 2 ოქტომბერს ნორვეგიის სტრუქტურებს წერილები გავუგზავნეთ და მხოლოდ ამ წერილების გაგზავნიდან 24 საათში მიუტანეს მობილური ტელეფონი, რომ დაერეკა. ამის უფლებასაც არ აძლევდნენ. 1 თვის მანძილზე საელჩოსთვისაც არ შეუტყობინებიათ დაკავების შესახებ.
გამორიცხულია, ადამიანი ტერორისტული დაჯგუფების ორგანიზატორი იყოს და ევროპაში 10 წელი თავისუფლად დადიოდეს, პოლონეთში შრომით ბინადრობის ნებართვას იღებდეს და ბოლო 2 წელი შვედეთში ცხოვრობდეს. ამავდროულად გამორიცხულია ეს ფაქტი ვინაიდან მამაჩემს 2013-2015 წლებში აქვს გაკეთებული ძალიან მძიმე ოპერაცია თავის არეში საფრანგეთში.
1 თვის მანძილზე იგი იმყოფებოდა კომაში. ამის შემდგომ იგი არაერთხელ დაბრუნდა საქართველოში და არაერთხელ გადაკვეთა საქართველოს საზღვრები ლეგალურად. ბოლო 10 წლის მანძილზე იმყოფებოდა როგორც გერმანიაში, ასევე ჰოლანდიაში, საფრანგეთში, შვედეთში, პოლონეთში და დანიაში. შეუძლებელია ის პიროვნება, რომელსაც ნორვეგიელები და ფრანგები ასახლებენ იყოს მამაჩემი! ადგილი აქვს უხეშ შეცდომას!
ჩვენ ვითხოვთ სამართლიან სასამართლოს ერთი ქართველისთვის, რომელსაც იმის გამო ექცევიან ასე, რომ ის ქართველია – მისი მომკითხავი არავინაა.
ის, რომ ადამიანი ქართველია არ ნიშნავს იმას, რომ ის დამნაშავეა!
სახელმწიფო კი მინიმუმ ყურადღებას ეფექტურად უნდა აქცევდეს ქვეყნის საზღვრებს გარეთ მყოფ თავის მოქალაქეებს და ასეთ დროს უნდა იდგეს თავის ადგილას!”