ვალერიან ნემსიწვერიძის მკვლელობისთვის ვასილ ჯანჯღავას ეძებენ – ავჭალაში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

ვალერიან ნემსიწვერიძის მკვლელობისთვის ვასილ ჯანჯღავას ეძებენ – ავჭალაში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები„პრაიმტაიმისთვის“ ექსკლუზიურად ცნობილი გახდა ვალერიან ნემსიწვერიძის მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, პოლიცია 47 წლის ვასილ ჯანჯღავას ეძებს, რომელიც სარაჯიშვილის ქუჩაზე, შემთხვევის ადგილის მიმდებარედ სასურსათო მაღაზიას ამუშავებდა.

ეს ინფორმაცია ცნობლია ობიექტის მფლობელისთვის, რომელიც გამოძიებამ უკვე დაკითხა. სწორედ მისგან იქირავა ვასილ ჯანჯღავამ აღნიშნული ობიექტი.

მკვლელობის შემდეგ ჯანჯღავა ადგილზე აღარ გამოჩენილა. სარაჯიშვილის 38-ში მდებარე სასურსათო მაღაზიას კი ამჟამადაც ეტყობა საგამოძიებო მოქმედებების კვალი.

სავარაუდოდ, ვალერიან ნემსიწვერიძესა და ვასილ ჯანჯღავას შორის 24 ოქტომბერს შელაპარაკება სწორედ ამ მაღაზიასთან დაიწყო, რაც საბოლოოდ სისხლიანი გარჩევით დასრულდა – საკუთარ ავტომობილში ნემსიწვერიძეს 6 ტყვია ესროლეს, რის შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა.

ფაქტს ჰყავს თვითმხილველებიც. ერთ-ერთი მათგანი ზემოხსენებული მაღაზიის გამყიდველი ქალია, თუმცა ის მედიასთან არ კონტაქტობს.

მოკლული ვალერიან ნემსიწვერიძის ოჯახის ადვოკატი ბრალდებულის ვინაობას არ აკონკრეტებს, თუმცა დარწმუნებულია, რომ გამოძიებას რამდენიმე დღეში შედეგი ექნება.

ადვოკატი გამორიცხავს შურისძიების ვერსიას და ამბობს, რომ ნემსიწვერიძე სულ მალე მაღაზიის გახსნას აპირებდა.

ფაქტზე შსს გამოძიებას 108-ე და 236-ე მუხლებით აწარმოებს, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.

გარდაცვლილს მეუღლე და სამი არასრულწლოვანი შვილი დარჩა.