ზაზა მურჯიკნელი ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს

ზაზა მურჯიკნელი ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნესდოდო გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და მისი ვაჟის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტი ცნობილია.

19 ოქტომბერს საღამოს, მსაჯულებმა ოთხსაათიანი მსჯელობის შემდეგ დანაშაულში ბრალდებულ ზაზა მურჯიკნელის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ერთხმად გამოიტანეს.

სასჯელის ზომას კი მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე მოგვიანებით განსაზღვრავს.

სასამართლოში ბრალდების მხარეს პროკურორები – ნინო აღლემაშვილი და ლიკა ჩადუნელი წარმოადგენდნენ, ბრალდებულის ინტერესებს კი ადვოკატი ვანო ნორაკიძე იცავდა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე თავდასხმაში ბრალდებული მიმდინარე წლის იანვარში დააკავა. ბრალდებული ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, 45 წლის ზაზა მურჯიკნელი წარსულში, კერძოდ 2009 წელს, ასევე მძიმე დანაშაულისთვის იყო ნასამართლევი.

დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე შეიარაღებული თავდასხმა 2018 წლის 7 თებერვალს დიღომში, მის საცხოვრებელ სახლში მოხდა.

თავდასხმის შედეგად დაიჭრა თავად დოდო გუგეშაშვილი, მისი 33 წლის ვაჟი, ნოდარ გუგეშაშვილი კი ადგილზე გარდაიცვალა.

პრაიმტაიმი