სამართალდამცავებმა ბათუმში მომხდარი მკვლელობა გახსნილად გამოაცხადეს და განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 43 წლის ზაზა დავითაძე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, ნაცნობს – ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქეს – 1971 წელს დაბადებულ ტ.ჩ.-ს, ქალაქ ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე მისსავე დროებით საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ტ.ჩ. ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
ზაზა დავითაძისთვის წაყენებული ბრალი 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაკავებულის ასაყვანად სპეცოპერაცია ჩატარდა და მისი აყვანა ჩაქვში, მისსავე საცხოვრებელ სახლთან მოხდა.
როგორც ირკვევა, მოკლულთან დავითაძეს ახლო ურთიერთობა აკავშირებდა, ერთი ვერსიით ის მისი პარტნიორი იყო, თუმცა რატომ მოხდა მკვლელობა, ამაზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.
“ზაზას ვიცნობ, მასზე ცუდს ვერაფერს გეტყვით. ის არ იყო აგრესიული ადამიანი. ჩემს უბანში ცხოვრობს. ჰყავს შვილი, მეუღლესთან აღარ ცხოვრობს. ამ დანაშაულზე ვერაფერს ვიტყვით. ამჟამად არ მუშაობდა, პოლიტიკაში იყო ჩართული. თავიდან ქართული ოცნების გვერდზე იდგა, მაგრამ რომ ვერ დაასაქმეს და უმუშევარი დარჩა, უკვე ოპოზიციაში გადავიდა,” – ამბობს ერთ-რთი ადგილობრივი.
ზაზა დავითაძე გაერთიანებული ოპოზიციის აქტიური მხარდამჭერია. ბოლო დროს მას აქციებზე ხშირად ხედავდნენ.
ამბები

