დიღომში, ძიუდოს აკადემიასთან, 4 სართულიან შენობას ხანძარი გაუჩნდა

დიღომში, ძიუდოს აკადემიასთან, 4 სართულიან შენობას ხანძარი გაუჩნდათბილისში, დიღმის მასივში, ბელიაშვილის 38 ნომერში, ძიუდოს აკადემიასთან, ოთხსართულიან შენობაში ხანძარი გაჩნდა.

ცეცხლი შენობის სარდაფში, პირველ სართულზე გაჩნდა, რამაც ზედა სართულების ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის ოთარ კერესელიძის განცხადებით, მოსახლეები შენობიდან უვნებლად გამოიყვანეს.

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

მეხანძრე მაშველების ოპერატიული მუშაობის შედეგად 20-მდე მოქალაქის უვნებლად გამოყვანა მოხერხდა, ოთხმა მოქალაქემ კი მსუბუქი ინტოქსიკაცია მიიღო.

ადგილზე მობილიზებული იყო 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

„20-მდე მოსახლე უვნებლადაა გამოყვანილი. 4 ადამიანს მცირედი ინტოქსიკაცია აქვს მიღებული, რომელსაც ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა უწევს შესაბამის დახმარებას. ამ დროისთვის გამოძიება მიმდინარეობს იმის დასადგენად, თუ რამ გამოიწვია ხანძარი“, – განაცხადა კერესელიძემ.

ჯერჯერობით, მოსახლეობას საკუთარ სახლებში შესვლის საშუალება არ აქვთ.

„ამ დრომდე არ გვიშვებენ სახლში. არ ვიცით, სად გავათენებთ ღამეს. ჯერ არც გამგეობიდან მოსულან და არც დევნილთა სამინისტროდან. იმედია, პატარა ბავშვებით ქუჩაში არ მოგვიწევს ღამის გათენება“, – უთხრა „პრაიმტაიმნიუსს“ ერთ-ერთმა ადგილობრივმა.