ერევანში აქციაზე 129 ადამიანი დააკავეს

ერევანში აქციაზე 129 ადამიანი დააკავესერევანში, თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა 129 ადამიანი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოედანზე ათასობით ადამიანია შეკრებილი, რომლებიც სკანდირებენ : „ფაშინიანი მოღალატე!“

10 ნოემბერს სომხეთის 17 პარტიის საბჭომ დააანონსა, რომ ერევანში დღეს საპროტესტო აქცია გაიმართებოდა. შეკრებილი მოქალაქეები მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დასრულების შესახებ მიღებულ განცხადებას აპროტესტებენ, რომელსაც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად მოაწერა ხელი.

საპროტესტო გამოსვლები მაშინვე დაიწყო, როგორც კი ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნული დოკუმენტის ხელმოწერის შესახებ საჯაროდ განაცხადა. გუშინ დემონსტრანტები მთავრობისა და პარლამენტის შენობებში შეიჭრნენ. რამდენიმე მათგანი პარლამენტის სპიკერს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. არარატ მირზოიანი სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. სომხური გამოცემა Politik.am-ის ინფორმაციით, არეულობის დროს ნიკოლ ფაშინიანი აშშ-ის საელჩოს შენობაში იმალებოდა.