“გიორგი მიქაუტაძის ჩამოყვანა გვინდოდა ნოემბრის შეკრებაზე…”

"გიორგი მიქაუტაძის ჩამოყვანა გვინდოდა ნოემბრის შეკრებაზე..."სპორტულმა გაზეთმა “ლელომ” ინტერვიუ ჩაწერა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე იაშვილთან და მას სხვადასხვა საკითხზე ესაუბრა.

– გიორგი მიქაუტაძის საქმე როგორაა?
– ამ თემაზე ვესაუბრეთ ვლადიმირ ვაისს და ჩვენი პოზიცია იყო, რომ მიქაუტაძე ჩამოსულიყო ნოემბრის შეკრებაზე. გვქონდა სისტემატური კომუნიკაცია ფეხბურთელის მხარესთან. მათ ითხოვეს დრო საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. მიქაუტაძე ახლა იკიდებს ფეხს ევროპულ ფეხბურთში და უნდა, რომ ჯერ იქ განსაზღვროს თავისი მომავალი და მერე იფიქროს სანაკრებო საკითხზე. რა თქმა უნდა, ამ თემაზე მუშაობა გაგრძელდება და დიდი იმედი მაქვს, ის ითამაშებს საქართველოს ნაკრებში.

– კონსტანტინე მარადიშვილზე რას იტყვით?
– ველაპარაკეთ ფეხბურთელის მამას. რა თქმა უნდა, დიდი სურვილი გვაქვს, რომ მარადიშვილმაც ითამაშოს საქართველოს ნაკრებში, მაგრამ ბევრი რამაა დამოკიდებული თავად ფეხბურთელის სურვილზე. აქაც გრძელდება მუშაობა…

– გვერდს ვერ ავუვლით გიორგი წიტაიშვილსაც. ის თავის ასაკში ერთ-ერთი გამორჩეულია მთელ ევროპაში…
– წიტაიშვილის მამა ფეხბურთის ფედერაციაშიც იყო მოსული. სექტემბრამდე არსებული რეგულაციები სხვა ნაკრებში ნათამაშები ფეხბურთელის გადასვლას სხვა ეროვნულ გუნდში გამორიცხავდა, მაგრამ ახლა შეცვლილია ვითარება. წიტაიშვილის საკითხზეც მიდის აქტიური მუშაობა.

სპორტალი