გიორგი რურუა ციხეში პატიმრებმა ცემეს

გიორგი რურუა ციხეში პატიმრებმა ცემესერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, სალომე სამადაშვილის ინფორმაციით, ციხეში გიორგი რურუას თავს დაესხნენ.

“ჩემთვის როგორც ცნობილია, დღეს ბატონ რურუაზე ციხეში განხორციელდა ფიზიკური თავდასხმა, ზუსტად არ ვიცი დეტალები, მაგრამ მას თავს დაესხნენ” – თქვა სალომე სამადაშვილმა.

მომხდარზე სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა.

“2020 წლის 2 ნოემბერს, N8 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებული გიორგი რურუა, ადვოკატთან ვიზიტის მიზნით გამოყვანილი იყო საკნიდან. დაახლოებით 15:25 სთ-ზე, 1-ლი სარეჟიმო კორპუსის E-6 ფლიგელში (სადაც 24-საათიანი ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობა ხორციელდება) გადაადგილებისას მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბრალდებულმა პ.ნ.-მ, რომელიც იმ დროს იმყოფებოდა იქვე მდებარე სამორიგეო ოთახში და ახორციელებდა სატელეფონო ზარს.

აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში იქვე ახლოს მდებარე N76 საკანში (ბრალდებულ პ.ნ.-ს საკანში), ტარდებოდა საპირფარეშოს სარემონტო სამუშაო, რის გამოც საკნის კარი იყო ღია. გიორგი რურუას მოცემულ ფლიგელში გადაადგილებისას, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ოფიცერმა მიხურა მითითებული საკნის კარი და იქვე დადგა. როდესაც პ.ნ.-სა და გიორგი რურუას შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, ოფიცერი გაიქცა მათ გასაშველებლად, ამ დროს საკნიდან გამოვიდნენ პ.ნ.-ს თანამესაკნეები: ნ.ო., დ.ძ., გ.ჯ. და გ.ც. და მათაც მაიყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა გიორგი რურუას. ინციდენტი პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მიერ იქნა აღკვეთილი, თუმცა ფიზიკური დაპირისპირების შედეგად გიორგი რურუას აღენიშნება სისხლნაჟღენთები სახის არეში. მას დაწესებულების მორიგე ქირურგის მიერ მაშინვე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.