ხაშურში გალფის ბენზინის სადგური დააყაჩაღეს – დაკავებულია 2 პირი

ხაშურში გალფის ბენზინის სადგური დააყაჩაღეს - დაკავებულია 2 პირიხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს.

თავდასხმა 23 ნოემბერს გვიან ღამით ,,გალფის“ ბენზინგასამართ სადგურზე მოხდა. შენობაში ორი პირი თანხის მითვისების მიზნით შეიჭრა და მუქარის გამოყენებით ცდილობდა სხვისი ნივთის მარლთსაწინააღმდეგო მითვისებას.

პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 2 პირი დააკავა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული გ.დ. და 2002 წელს დაბადებული ე.გ., ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, ხაშურში, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარე ავტოგასამართი სადგური “გალფის” ოპერატორს, 1952 წელს დაბადებულ მ.გ.-ს, ცივი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით თანხა გასტაცეს. პოლიციამ ორივე პირი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღები – ორი დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დაკავებულები დანაშაულს აღიარებენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.