მიკროსაფინანსოზე თავდამსხმელ ლევან ზურაბაშვილს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
“მოთხოვნები გაგრძელდება, მაგრამ არა ამ ფორმით, – განაცხადა ლევან ზურაბაშვილმა, – რამდენმა მოიკლა თავი, რამდენი ოჯახი გამწარდა, ხალხს სახე ჩამოსტირის. ახლა მექნება საშუალება, ვთქვა ყველაფერი. შეიძლება ბევრი არ თამაშობდეს, მაგრამ მომავალი თაობა იღუპება, ეს თქვენ გულამდე არ მიდის? გავისტუმრე ჩემი ვალები, აღარ ვთამაშობ, მაგრამ ამ თამაშმა ცხოვრება, წლები მომპარა. ჩემთვის მთავარია, რომ კანონები შეიცვალოს და ერი გადარჩეს. არანაირი პარტიის წევრი არ ვარ, ვერ ვიტან პოლიტიკოსებს.
ოჯახი არ არსებობს, რომ წამალი არ სჭირდებოდეს, საქართველო კი არ ვითარდება, უკან-უკან მიდის. ჩვენ ცოდოები არ ვართ? ვიღაცას მეტი შემოსავალი აქვს, ვიღაცას ნაკლები, ხალხიც არ მივიდა არჩევნებზე”.
დაცვის მხარე ზურაბაშვილისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა,
“მოვითხოვთ გირაოს 1000 ლარის ოდენობით, იქიდან გამომდინარე, რომ მას სურს დადგინდეს ჭეშმარიტება, ითნამშრომლოს გამოძიებასთან და ამიტომ ვართ ამ პოზიციაზე თანახმა, წინააღმდეგ შემთხვევაში ვითხოვდით, რომ საერთოდ არცერთი ღონისძიება არ შეფარდებოდა და გაეთავისუფლებინათ სასამართლო დარბაზიდან. არანაირი მძევლობა, მას არავისთვის თავისუფალი გადაადგილება არ შეუზღუდავს, არავის უხეშად არ მოპყრობია, არავისთვის საშიში არ ყოფილა,” – თქვა ადვოკატმა გიორგი ჭოჭუამ.
პროკურატურის პოზიციით, ზურაბაშვილი პატიმრობაში უნდა დარჩეს, რომ დანაშაული კვლავ არ გაიმეოროს.
“ბრალდების მხარემ მივმართეთ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, რათა არ მოხდეს დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელება, ექსპერტიზა დაადგენს, ხომ არ წარმოადგენს იგი საშიშროებას და ხომ არ არსებობს მისგან მომავალში ანალოგიური საქმის განხორციელების საფრთხე” – განაცხადა პროკურორმა ლუკა გამყრელიძემ.

